ახალი ამბები

სასამართლომ ია კიწმარიშვილის სარჩელი რ2-ის დაყადაღებაზე წარმოებაში არ მიიღო – სალია

16 აგვისტო, 2019 • 1611
სასამართლომ ია კიწმარიშვილის სარჩელი რ2-ის დაყადაღებაზე წარმოებაში არ მიიღო – სალია

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი მფლობელის, ეროსი კიწმარიშვილის ცოლის, ია კიწმარიშვილის სარჩელი, არხის წილების დაყადაღების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავი 2-ის დირექტორი და ამჟამინდელი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ავრცელებს.

ნეტგაზეთმა აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლის პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება. 

რაც შეეხება მიზეზებს,  პაატა სალია ამბობს, რომ აღნიშნულ საქმე სასამართლომ უკვე განიხილა. სალია ჟურნალისტთან საუბარში განმარტავს:

“15 აგვისტოთი არის დათარიღებული განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოსი, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ანუ ყადაღაზე მოთხოვნა, რაც იყო, განსახილველად მიღებაზე სასამართლომ უარი თქვა. მოტივი და საფუძველი არის ის, რომ 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ეროსი კიწმარიშვილის სარჩელი გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე და შპს პანორამასთვის გადაცემული წილების უკან დაბრუნების თაობაზე სასამართლოს მიერ უკვე განხილულია.

ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, მაშინ მას უარი ეთქვა ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე 2009 წელს და შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესიდან გამომდინარე, დაუშვებელია, ერთ და იგივე საკითხზე, მარტივად რომ ვთქვათ, ერთი და იგივე საფუძვლებით, ერთი და იგივე მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვა,“ – განაცხადა პაატა სალიამ.

იმის შესახებ, რომ კიწმარიშვილი წილების დაყადაღებას ითხოვს, ცნობილი 15 აგვისტოს გახდა. ია კიწმარიშვილმა ამის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ :

“კომპანია პანორამას წილების გასხვისება სხვა პირებზე იქამდე არ უნდა მოხდეს, სანამ არ დასრულდება დავა პანორამას შორის ტელევიზიის 30%-იანი წილის მისთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით. მივმართავ სასამართლოს, უმოკლეს ვადაში განიხილოს და დააკმაყოფილოს ჩემი მოთხოვნა, რადგან თავიდან იქნეს აცილებული სახეზე არსებული თაღლითობის მცდელობის ფაქტი“.

ვრცლად:

ია კიწმარიშვილი რ2-ის დაყადაღებას მოითხოვს, სალიას თქმით, ეს უსაფუძვლო მოთხოვნაა

მასალების გადაბეჭდვის წესი