ახალი ამბები

ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2-ს” ყიდის

12 აგვისტო, 2019 • 1415
ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2-ს” ყიდის

ქიბარ ხალავაში აცხადებს, რომ “რუსთავი 2-ს” ყიდის.

ამის შესახებ ნათქვამია ხალვაშის განცხადებაში, რომელსაც ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს. დღესვე, 15:00 საათზე, ტელეარხის დირექტორი პაატა სალია პრესკონფერენციას გამართავს და ტელეარხის გაყიდვის მიზეზებზე ისაუბრებს

“თითქმის ერთი თვე გავიდა, რაც მრავალწლიანი სასამართლო დავების შედეგად დავიბრუნე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“. რა თქმა უნდა, თავიდანვე ვვარაუდობდი, რომ კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელსაც „რუსთავი2“ მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად მიაჩნდა, კეთილსინდისიერად არ მართავდა კომპანიას. მოულოდენელი მხოლოდ ის აღმოჩნდა, რომ, როგორც უკვე ნაწილობრივ გაირკვა, ის, პრაქტიკულად, ძარცვავდა მას”, – ნათქვამია ხალვაშის განცხადებაში.

ხალვაშის განცხადებით, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”, ნიკა გვარამიას “რამდენიმეწლიანი ზრუნვისა და ლოლიავის შედეგად” კატასტროფისწინა მდგომარეობაში აღმოჩნდა.

“კრედიტორული დავალიანება 70 000 000 ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27 000 000 ლარს შეადგენს. რუსთავი 2-ს პრაქტიკულად ყველას ვალი აქვს – წყლის მომწოდებელი კომპანიიდან დაწყებული, ეგზიტპოლების ჩამტარებელი ამერიკული კომპანიით დამთავრებული. ვალის დიდი ნაწილი დაგროვილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სწორედ იმ პერიოდში, რაც დავა დავიწყე და ცხადია, რომ ყველაფერი მიზანმიმართულად ხდებოდა. აბსურდულია საუბრები, თითქოს ჩვენს მიერ მოთხოვილმა ყადაღას შეეძლო კომპანია დაეზარალებინა. დღემდე ვერ ვნახე რომელიმე ექსპერტული დასაბუთება ან დასკვნა, რაც ამ ზარალს დაადასტურებდა”, – აცხადებს ხალვაში.

ხალვაშის თქმით, მისთვის ნათელია ის სქემებიც, როგორ მუშაობდა კომპანია და სად და როგორ მიემართებოდა კომპანიის კუთვნილი თანხები, თუმცა ეს სხვა დავის საგანია და დარწმუნებულია, რომ ამ დავაშიც გაიმარჯვებს.

“მანამდე კი, კომპანიაა გადასარჩენი, რომელიც გაკოტრების პირას არის მიყვანილი. დღეს ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არსებობის იმისათვის, რომ დაიწყოს კომპანიის გადახდისუუნარობის საქმის წარმოება. “რუსთავი 2-ის” აქტივები, რომლითაც თურმე უსაფუძვლოდ გავმდიდრდი, იმ დავალიანების მესამედსაც კი არ შეადგენს, რაც გვარამიამ დაუტოვა კომპანიას. სამწუხაროდ, ჩემი ფინანსური შესაძლებლობები კომპანიის ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად არ არის საკმარისი. ამიტომ, მსურს ღიად და საჯაროდ განვაცხადო, რომ მზად ვარ ვისაუბრო ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ვინც იყიდის “რუსთავი 2-ს”, დაეხმარება მას გამოვიდეს კრიზისიდან და გახდეს წარმატებული კომპანია. შესაბამისად მე, დავიბრუნებ იმ ზარალს, რომელიც მომადგა კომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობამ”, – აცხადებს ხალვაში.

ერთადერთი, ვისათანაც არ აპირებს საუბარს, ხალვაშის თქმით, “რუსთავი2-ის” ყოფილი არაფორმალური მფლობელი და მმართველი მიხეილ სააკაშვილი იქნება.

“გადავწყვიტე, გავყიდო „რუსთავი 2“ გამჭვირვალე კონკურსის წესით მასზე, ვინც ყველაზე მაღალ ფასს გადაიხდის. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მწვავე ფინანსური კრიზისის წინაშე დგას, კონკურსი უნდა დასრულდეს ერთი კვირის ვადაში. იმავდროულად, პოლიტიკური თუ სხვა ხასიათის მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად, ვისაუბრებ მხოლოდ იმ პირებთან, ვინც წარმოადგენს საკუთარ განზრახულობათა სერიოზულობის დასტურს, რაც შეიძლება იყოს საბანკო გარანტია ან სპეციალურ საკონკურსო ანგარიშზე არანაკლებ 1 000 000 აშშ დოლარის თანხის განთავსება. კონკურსში გამარჯვებულს, საგარანტიო თანხა ჩაეთვლება გადასახდელ ფასში, დამარცხებულს – ფული უკან დაუბრუნდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის კომპანიის საფასურს, საგარანტიო თანხას დაკარგავს.

ყველა პირი, ვისაც სურვილი ექნება გამოეხმაუროს ჩემს წინადადებას, ვალდებული იქნება საჯაროდ გამოხატოს საკუთარი პოზიცია, რის შემდეგაც მზად ვიქნები განვიხილო შემოთავაზებები და სრულად გავაცნო კომპანიის ფინანსური მდგომარეობა. იმედი მაქვს, რომ „რუსთავი2“ კვლავ წარმატებული კომპანია გახდება! მანამდე კი ვაგრძელებთ მუშაობას, რათა დავძლიოთ მიმდინარე პრობლმები და გადავწყვიტოთ პირველი რიგის ამოცანები”, – ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი