ახალი ამბები

სოციალური დახმარებები გვქონდა და მოგვიხსნეს – გუგუტიანთკარში მცხოვრებლები

16 აგვისტო, 2019 • 2096
სოციალური დახმარებები გვქონდა და მოგვიხსნეს – გუგუტიანთკარში მცხოვრებლები

სოციალური დახმარებები გვქონდა და მოგვიხსნეს – აცხადებენ გუგუტიანთკარში მცხოვრები ქალები. დღეს სოფელში 11 ქვეყნის დიპლომატი და ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები არიან ჩასულები, სოფლის მცხოვრებლები პრობლემებზე – სოციალურ მდგომარეობასა და უსაფრთხოებაზე ესაუბრნენ დიპლომატებს და ჟურნალისტებს.

“სეტყვა იყო, მოგვცეს შესაწამლი ვაუჩერები. რად გვინდოდა ეგ ვაუჩერი, აღარ ასხია არაფერს და რა შევწამლოთ. მაგას სჯობდა საკვები ვაუჩერი მოეცათ. დილით რომ გავიღვიძებთ, ბავშვებს ხომ უნდა ვაჭამოთ”, – განაცხადა მარიამ გუგუტიშვილ-სიმონიშვილმა.

გუგუტიანთკარში მცხოვრებმა რამდენიმე ქალმა თქვა, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი მოუხსნეს, ამიტომ დახმარებას ვეღარ იღებენ.

სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილს ასევე უთხრეს იმის შესახებ, რომ სოფელში მცხოვრებ 12 ოჯახს არ აქვს დევნილის სტატუსი. ისინი ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოვიდნენ გუგუტიანთკარში. მოქალაქემ მინისტრს ასევე უთხრა, რომ ისინი ამის გამო ხმის მიცემის უფლებითაც ვერ სარგებლობენ.

ქეთევან ციხელაშვილმა მათ შესთავაზა, რომ ამ პირების სია მიაწოდონ ჯანდაცვის სამინისტროს.

დღეს გუგუტიანთკარში დიპლომატებმა 11 ქვეყნიდან მოინახულეს გივი რაზმაძეის ოჯახიც. სწორედ ამ ოჯახს რუსი მესაზღვრეები საკუთარი ხელით ანგრევინებენ სახლს, რადგან მისი სახლის ტერიტორიაზე საოკუპაციო მავთულხლართებს აშენებენ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი