ახალი ამბები

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვაჟა სირაძე დაინიშნა

14 აგვისტო, 2019 • 6199
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვაჟა სირაძე დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ვაჟა სირაძე დაინიშნა. სირაძე 2019 წლის თებერვლიდან აგვისტომდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. მან ამ თანამდებობაზე მიხეილ დილიმაშვილი შეცვალა.

შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ვაჟა სირაძე 2003-2008 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

გარდა ამისა, შსს-ს თქმით, ვაჟა სირაძეს სხვადასხვა დროს შსს-ში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა, მათ შორის, იყო თბილისის პოლიციის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი; შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის სამმართველოს უფროსის მოადგილექ – დეტექტივების განყოფილების უფროსი;

2014-2015 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე; 2015 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს II განყოფილების უფროსის მოადგილედ;

2015-2016 წლებში საქმიანობა განაგრძო შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო ხაშურის რაიონული სამმართველო უფროსის პოზიციაზე; 2016-2018 წლებში ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობა;

2018 წელს დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსის პოზიციაზე; 2018-2019 წლებში საქმიანობა განაგრძო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;

რაც შეეხება თავად მიხეილ დილიმაშვილს, შსს-ს თქმით, ის აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა.

მიხეილ დილიმაშვილმა შსს-ში მუშაობა 2001 წელს რიგით პოლიციელად, ინსპექტორის პოზიციიდან დაიწყო. 2004-2009 წლებში ეკავა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში ოცეულის, ხოლო შემდეგ ასეულის მეთაურის პოზიცია ;

2009 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე; 2012-2014 წლებში იყო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს ასეულის მეთაური, შემდეგ- მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2014 წლიდან
ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საპატრულო პოლიციის შემოწმების სამსახურის უფროსის თანამდებობა;

2018 წლიდან 2019 წლის 30 იანვრამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა; 2019 წლის იანვრიდან აგვისტომდე მიხეილ დილიმაშვილს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.

მიხეილ დილიმაშვილი. ფოტო: შსს

მასალების გადაბეჭდვის წესი