ახალი ამბები

პროკურორი: ბრიფინგზე არ თქმულა, რომ გვარამიას ბინების გადაფორმებას ვედავებით

10 აგვისტო, 2019 • 1214
პროკურორი: ბრიფინგზე არ თქმულა, რომ გვარამიას ბინების გადაფორმებას ვედავებით

პროკურორმა ზვიად გუბელაძემ დღეს, 10 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლო სასამართლოში შესვლამდე ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენაზე და ბინების შესყიდვის ეპიზოდზეც ისაუბრა.

ჟურნალისტებმა პროკურორს ჰკითხეს, ბრალდების საქმეში რატომ არ არის ინფორმაცია ბინების შესახებ და მის შესყიდვაზე რატომ არ დაუსვეს კითხვები გვარმიას.

პროკურორმა ზვიად გუბელაძემ თქვა, რომ ბრიფინგზე არ თქმულა, თითქოს პროკურატურა გვარამიას ბინების გადაფორმების ფაქტზე ედავება. პროკურორის თქმით, მსგავსი რამ მათ არ უთქვამთ. თუმცა მისივე განმარტებით, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

“ცალსახადა მინდა აღვნიშნო, რომ არ თქმულა, რომ ნიკა გვარამიას ბრალში ჩვენ ვედავებით ბინების გადაფორმების ფაქტს. ამას ცალსახად ვადასტურებ” – თქვა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

მისივე თქმით, მთავარი ბრალდება ეხება “ინტერმედიასა” და “რუსთავი 2-ს” შორის გაფორმებულ კონტრაქტს. კერძოდ, პროკურატურა როგორც ირწმუნება, ნიკა გვარამიამ შპს ინტერმედიას მიანდო რუსთავი 2-ის სარეკლამო დროის გაყიდვა და რამდენიმე მილიონით აზარალა ტელეარხი.

“ინტერმედიას ბინები”

პროკურატურაში 9 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე უწყების წარმომადგენელმა თქვა, რომ  შპს “ინტერმედიამ” 2016 წლის დეკემბერში 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა შეიძინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ.  2017 წლის მარტში ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა რუსთავის 2-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინები გაყიდა, საერთო ჯამში,  602 521 ლარად.

ნიკა გვარამიას თქმით, მის საბრალდებო დასკვნაში აღნიშნულ ბინებზე კითხვები არ დაუსვამთ და საქმე საერთოდ არ ეხება ბინების შეძენის საკითხს. მისი თქმით, პროკურატურამ აღნიშნული მხოლოდ მისი დისკრედიტაციისთვის გაავრცელა.

“რაც შეეხება ბინების თემას, სამარცხვინო ბრტყელ პიარს. მე გავყიდე ჩემი ბინა და მქონდა თავისუფალი სახსრები, რომ მეყიდა ახალი. მთელმა რ2-მა იცის, რომ ჩემი შეტანილი ფულით მოხდა ხელფასების დარიგება და ნამდვილად ასე მოხდა და ამის სანაცვლოდ დამიბრუნეს ბინით. ამის ყველა საბუთი არსებობს – სესხის ხელშეკრულებაც, ფულის შეტანის ჩეკიც, ვალის დაბრუნების საბუთიც ბინების სახით.

უკაცრავად, თუ ეს ბრალი უნდა წაგეყენებინათ, 4 საათი რომ მკითხავდით, ერთი შეკითხვა რატომ არ დამისვით ბინებზე? მე არ ვაპირებ შემოვიფარგლო ტელევიზიით, თუმცა მას გავაკეთებ საუკეთესოს, მიუხედავად იმისა, ჩამსვამენ, თუ არ ჩამსვამენ, მაინც გავაკეთებ საუკეთესოს”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს პროკურატურამ რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორისთვის, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა გირაოს შეფარდება 80 ათასი ლარის ოდენობით. ასევე, როგორც პროკურორმა ზვიად გუბელაძემ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს უთხრა, ისინი მოითხოვენ, ნიკა გვარამიას სამართალდამცავი უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე აეკრძალოს ქვეყნიდან გასვლა.

გვარამია ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის და ის აპირებს, სასამართლოსგან მოითხოვოს, საერთოდ არ შეეფარდოს აღკვეთის ღონისძიება.

პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა

მასალების გადაბეჭდვის წესი