ახალი ამბები

პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა

9 აგვისტო, 2019 • 1782
პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა

საქართველოს მთავარი პრკურატურა “რუსთავი2 “-ის საქმეზე არხის ყოფილ დირექტორ ნიკა გვარამიას ბრალს უყენებს. ბრიფინგი უწყებაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

პროკურატურის თქმით, გვარამია ბრალის წარსადგენად დღეს, 9 აგვისტოს არის დაბარებული, რის შემდეგაც უწყება სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით.

“ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ პრკურატურის განცხადებას:

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით  მითვისების და ქონების  მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვის ფაქტზე. საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო “სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის” 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის,  ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო “რუსთავის 2-ის” ამჟამინდელი დირექტორის,  პაატა სალიას განცხადება შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე, რამაც  სავარაუდოდ  დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს გაცნობოთ,  რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

გამოტანილია დადგენილება ნიკა  გვარამიას  ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით  “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა” ვერ მიიღო  6 763 510  ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

ნიკა გვარამიას მიერ შესაძლო ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2012 წლის ნოემბრიდან ნიკა გვარამია დანიშნული იყო შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” დირექტორად, ხოლო 2014 წლის სექტემბრიდან – ამავე კომპანიის გენერალურ დირექტორად.
საწარმოს წესდების თანახმად, “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს” მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს გენერალური დირექტორი, რომელიც ვალდებულია კეთილსინდისიერად და კომპანიის ინტერესების დაცვით უზრუნველყოს მისი ყოველდღიური მართვა და საქმიანობა, იმოქმედოს კომპანიის და პარტნიორების ბიზნესინტერესებით, უზრუნველყოს წესდების უპირობო და კეთილსინდისიერი შესრულება. ასევე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საწარმოს ხელმძღვანელი კომპანიის საქმეებს უნდა გაუძღვეს კეთილსინდისიერად და უნდა მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია კომპანიისთვის.

მიუხედავად ზემოაღნიშნული ვალდებულებებისა, ნიკა გვარამია ბოროტად იყენებდა თავის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე.

კერძოდ, 2015 წლის 16 იანვარს შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შპს “ინტერმედია პლიუსთან”, რომლის მფლობელებიც არიან მისი მეგობრები – ზ.გ.  და კ.ჯ., ხოლო დირექტორი, “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” ყოფილი ფინანსური დირექტორი – ზ.ი.

ხელშეკრულების თანახმად, “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა “ინტერმედია პლიუსს” დაუთმო საკუთარი არხების (“რუსთავი 2-ის”, “ახალი არხის” (იგივე “კომედი არხის”) და “მარაოს”) ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება.

მხარეთა შეთანხმებით, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისათვის ანაზღაურება, ყოველთვიურად, “ინტერმედია პლიუსის” მიერ  ფაქტობრივად მოხმარებული კომერციული სარეკლამო დროის ოდენობის მიუხედავად, წინასწარ შეთანხმებული ოდენობით უნდა განხორციელებულიყო.

ნიკა გვარამიამ, მოქმედებდა რა შპს “სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ და მისი მეგობრების კუთვნილი კომპანიის – შპს “ინტერმედია პლიუსისათვის” გამორჩენის მისაღებად, ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდში, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისათვის ანაზღაურების შესახებ შპს “ინტერმედია პლიუსთან” გაფორმებული ყოველთვიური შეთანხმებებით, განზრახ არ მოითხოვა ტელეკომპანიის კუთვნილი 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ზე” რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული დიდი ოდენობით თანხების აკუმულირება მოეხდინათ საკუთარი კომპანიის ანგარიშზე და არ გადაეხადათ ტელეკომპანიისთვის.

შედეგად, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში, შპს “ინტერმედია პლიუსის” დეკლარირებულმა მოგებამ კი – 8 690 664 ლარი.

ასევე, გაცნობებთ, რომ მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები “რუსთავი 2-ზე” რეკლამის განსათავსებლად “ინტერმედია პლიუსის” კონტრაქტორი კომპანიებიდან მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლის მიზნით.

ამ ეტაპზე დადგენილია, რომ კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, (შ.პ.ს “ინტერმედია პლიუსს” ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა “რუსთავი 2-ის” იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, მდებარე 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ.  2017 წლის მარტში ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა რუსთავის 2-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების  რეალიზაცია მოახდინა, საერთო ჯამში,  602 521 ლარად.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, გამოძიება ასევე აქტიურად სწავლობს “ინტერმედია პლიუსის” და “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” სხვა კონტრაქტორი კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერებას, რის შესახებაც საზოგადოებას ეცნობება დამატებით.

ნიკა  გვარამია  დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში  ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის  მიზნით. ბრალის  წარდგენის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით”.

მასალების გადაბეჭდვის წესი