ახალი ამბები

“საქართველოს რკინიგზა” პროფკავშირთან მოლაპარაკებას დათანხმდა

9 აგვისტო, 2019 • 1667
“საქართველოს რკინიგზა” პროფკავშირთან მოლაპარაკებას დათანხმდა

“საქართველოს რკინიგზის” ადმინისტრაცია “რკინიგზელთა ახალ პროფკავშირთან” მოლაპარაკების მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ კომპანიის 8 აგვისტოთი დათარიღებულ წერილშია ნათქვამი, რომლის ასლსაც პროფკავშირი ავრცელებს. აღნიშნულს წინ უძღოდა ამავე პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ გაფიცვის გეგმის გახმიანება, ხელფასების ზრდის მოთხოვნით.

“საქართველოს რკინიგზის” თქმით, როგორც ადრე, ისე ახლა, მზადაა, მონაწილეობა მიიღოს მედიაციის პროცესში, რომელიც შრომითი დავის დროს სახელმწიფოს მიერ დანიშნული მედიატორის მეშვეობით წარიმართება მოდავე მხარეებს შორის.

“ამდენად, გთხოვთ, საქართველოს შრომის კოდექსის 481-ე პრიმა მუხლით დადგენილი წესების შესაბამისად, განგვისაზღვროთ მედიატორი, კონკრეტული თარიღი და დრო, თუ როდის მოხდება მედიაციის პროცესის ჩანიშვნა. იმედს გამოვთქვამთ, რომ მხარეთა შორის მედიაციის პროცესი წარიმართება კეთილსინდისიერად, ურთიერთპატივისცემით და ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება კონსეnსუსის მიღწევა”, – ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ შრომის მინისტრისათვის გაგზავნილ წერილში.

ამავე დროს, კომპანია უარყოფს “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის” მიერ მანამდე გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც “საქართველოს რკინიგზა” უარს აცხადებდა მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე.

დღეს, 9 აგვისტოს, პროფკავშირი მიესალმა კომპანიის პოზიციას და თავადაც გამოთქვა მედიაციის პროცესში ჩართვის მზაობა.

“თავის მხრივ, გამოვთქვამთ სურვილს, უმოკლეს დროში ჩაინიშნოს მედიაციის სამმხრივი ფორმატი, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული მიზეზის გამო, უკვე ხელიდან არის გაშვებული დიალოგის წარმოებისთვის საჭირო, კანონით განსაზღვრული პერიოდი და რკინიგზელებს მოპოვებული აქვთ გაფიცვის უფლება”, – აღნიშნავს “რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი”.

პროფკავშირის განცხადების მიხედვით, ისევ რჩება ძალაში ხვალ, 10 აგვისტოს ჩანიშნული სხდომა, რომელზეც ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა გაფიცვის დროზე, რიცხვსა და ფორმაზე უნდა იმსჯელონ.

 


“რკინიგზელთა ახალმა პროფკავშირმა” გაფიცვისათვის მზადების შესახებ 2 აგვისტოს განაცხადა. ორგანიზაცია აღნიშნავდა, რომ ადმინისტრაციამ უარი განაცხადა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით დაწყებული შრომითი დავის ფარგლებში მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე.

პროფკავშირის თანახმად, შრომითი დავა საქართველოს რკინიგზაში 9 ივლისს დაიწყო. მთავარი მოთხოვნა ხელფასის 50%-ით მომატება იყო იმ დასაქმებულთათვის, რომელთაც ანაზღაურება 2013 წლის შემდეგ არ გაზრდიათ; ასევე, იმ ადამიანებისთვის, რომელთა ხელფასი 1 000 ლარზე ნაკლებია.

საპასუხო განცხადებაში “საქართველოს რკინიგზამ” ზემოაღნიშნულ მოთხოვნას პოპულისტური და აზრს მოკლებული უწოდა. კომპანია აცხადებდა, რომ 2020 წლის პირველი მარტიდან, ყველა თანამშრომელს, ვისი ხელფასიც არ აღემატება 1500 ლარს, ანაზღაურება 10 %-ით გაეზრდება. ამასთანავე, როგორც რკინიგზის ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, უკლებლივ ყველა რკინიგზელზე წელიწადში 2-ჯერ გაიცემა ფიქსირებული თანხის ოდენობით ფულადი საჩუქარი.

“თუმცა ხელფასების 50%-იან მატებასთან დაკავშირებით დანიშნულ მედიაციის პროცესში მონაწილეობა რომ ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები მედიასივრცეში უკვე გაკეთდა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზას“ ოფიციალური შეტყობინება მედიაციის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით არ მიუღია”, – ამბობდა “საქართველოს რკინიგზა” 5 აგვისტოს განცხადებაში.

ნახეთ ვრცლად:

რკინიგზაში გაფიცვისთვის ემზადებიან

მასალების გადაბეჭდვის წესი