ახალი ამბები

ჟვანიას საქმის ექსპერტის ლევან ჩაჩუას მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება

10 თებერვალი, 2015 • 1141
ჟვანიას საქმის ექსპერტის ლევან ჩაჩუას მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება

ჩაჩუა ამბობს, რომ ყოფილი პრემიერის დაღუპვის დღეს, 2005 წლის 3 თებერვალს, დილის 08:00 საათზე ის უკვე რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში იყო. მისი თქმით, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ექსპერტიზისთვის სპეციალური კომისია შედგა, თუმცა კომისიის შეკრებამდე, მას უკვე დამთავრებული ჰქონდა ორივე ცხედრის გარეგნული დათვალიერება. ჩაჩუა აცხადებს, რომ გარეგნული დათვალიერებისა და შინაგანი გამოკვლევების შედეგად, ცხედრებს არ აღენიშნებოდათ სიცოცხლის პერიოდში მიყენებული არანაირი დაზიანება. მისივე თქმით, ამ გამოკვლევების შემდეგ მოხდა ბიო-მასალების აღება ლაბორატორიულ გამოკვლევებისთვის.


ჩაჩუამ ყურადღება ყოფილი პრემიერისა და რაულ უსუპოვის ცხედრებზე არსებულ იმ ნაჭდევებზე გაამახვილა, რაზეც გამოძიებას კითხვები აქვს. ჩაჩუას თქმით, ჟვანიას ცხედარზე, კერძოდ, მისი ქვედა ტუჩის მარცხენა ნახევარში არსებული დაზიანება გარდაცვალების შემდეგ მიღებული ნაჭდევია. ექსპერტის მტკიცებით, ტუჩზე ნასკდომის მოცულობიდან გამომდინარე, ტრავმის მიღება რომ სიკვდილის დადგომამდე მომხდარიყო, მის გარშემო ვრცელი სისხლჩაქცევა განვითარდებოდა. ამ გარემოების გამო, მან ყოველგვარი ყოყმანის გარეშე დაწერა დასკვნაში, რომ ეს იყო სიკვდილის შემდეგ მიღებული ნაჭდევი, რომელიც, მისი ვარაუდით, ცხედრის ტრანსპორტირების დროს განვითარდა.


რაც შეეხება უსუპოვის ცხედარზე აღმოჩენილ ნაჩხვლეტებს, ჩაჩუამ განაცხადა, რომ ეს ბალზამირების შედეგად მიღებული ნაჩხვლეტებია. მან ასევე გამორიცხა ნაჭდევის არსებობა უსუპოვის მარცხენა ხელის მეორე თითის არეში. 

 

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სახელმწიფო ბრალმდებელმა, პროკურორმა რევაზ ნადოიმ განაცხადა, რომ ლევან ჩაჩაუამ, თავისი პასუხებით პრაქტიკულად აღიარა, რომ მან პრიორიტეტი მიანიჭა ბიო-მასალის დალუქვას და სათანადო ყურადღება არ დაუთმო ცხედრების დათვალიერებასა და გამოკვლევას.

 

“ექსპერტის პირდაპირი მოვალეობაა, რომ უშუალოდ იმუშაოს გვამებთან და უშუალოდ გამოიკვლიოს თითოეული საეჭვო უბანი და თითოეული დაზიანება. მან პრიორიტეტი მიანიჭა ბიო-მასალის დალუქვას და არა დათვალიერებას, რაც ასევე ასახულია ვიდეო მასალაზე”, – განაცხადა ნადოიმ.

 

ლევან ჩაჩუას ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ ამის პასუხად განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ასეთი რამ არ უთქვამს.

“პირიქით, მან ვრცლად, კონკრეტულად, დეტალურად და ამომწურავად გასცა პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც შეეხებოდა ორივე გვამის გამოკვლევას”, – განაცხადა ტაბიძემ.

მისი თქმით, ჩაჩუამ, რომელიც მაღალი დონის პროფესიონალია, ჯეროვნად შეასრულა თავისი მოვალეობა, დაათვალიერა ორივე ცხედარი და კატეგორიულად  გამორიცხა მათზე სიცოცხლის პერიოდში მიყენებული დაზიანების ნიშნები.

 

“ჟვანიას ტუჩის არეზე მიყენებული დაზიანება იყო სიკვდილის შემდეგ მიყენებული დაზიანება. ასევე გამოირიცხა მარცხენა ხელის მეორე თითის ფალანგაზე არსებული რაღაც ნაჭდევი, რომელიც იყო ნარწყევი და ასევე დაადასტურა, რომ ნარწყევი რაულ უსუპოვს სხეულის სხვა ორგანოებზეც აღენიშნებოდა. ამიტომ მან არ შეიტანა თითზე არსებული რაიმე ნაჭდევი“, – განაცხადა ჩაჩუას ადვოკატმა.

 

ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი 18 თებერვალს, ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვით განახლდება.

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა პროკურატურამ ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ, სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, 2014 წლის 21 მარტს დააკავა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაჩუა 10000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ,  2014 წლის 18 ნოემბერს გაათავისუფლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი