ახალი ამბები

ძიძიგური ჟვანიას საქმეზე: სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულობად უნდა მივიღოთ

5 დეკემბერი, 2016 • 4306
ძიძიგური ჟვანიას საქმეზე: სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულობად უნდა მივიღოთ

“სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ,” – ეს განცხადება პარლამენტის ვიცესპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტის გამამართლებელი განაჩენის კომენტირებისას გააკეთა.

დღეს, 5 დეკემბერს საქართელოს უზენაესმა სასამართლომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ყოფილი ექსპერტის, ლევან ჩაჩუას საქმე წარმოებაში არ მიიღო და სააპელაციო სასამართლოს გამამართებელი განაჩენი ძალაში დატოვა. ზვიად ძიძიგურის აზრით, სასამართლოს გადაწყვეტილება ყველამ მოცემულობად უნდა მიიღოს:

“იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს არის მოცემულობა. თუ დამოუკიდებელი სასამართლო გვინდა, თუ სამართლებრივი სახელმწიფო გვინდა, სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა უნდა დავემორჩილოთ როგორც ამ, ისე სხვა შემთხვევებში. მე მინახავს მცდელობა, რომ პოლიტიკოსები ჩართონ, შეაფასონ და დაგმონ სასამართლოს გადაწყვეტილებები. ყველამ მოცემულობად მივიღოთ სასამართლოს გადაწყვეტილება, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოსკენ მიმავალი გზა,” – აღნიშნა ძიძიგურმა.

საქართელოს უზენაესმა სასამართლომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის ყოფილი ექსპერტის, ლევან ჩაჩუას საქმე წარმოებაში არ მიიღო და სააპელაციო სასამართლოს გამამართებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

“ლევან ჩაჩუას საქმეზე პროკურატურის საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი,”- განუცხადეს “ნეტგაზეთს” უზენაეს სასამართლოში.

2014 წლის 19 მარტს youtube-ზე ანონიმური მომხმარებლის, hakim fasha-ს მიერ  გავრცელდა ვიდეო, რომელიც შედგენილი იყო ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების შემდეგ გადაღებული ფოტომასალებით. ამ ფოტოებზე გარდაცვლილებს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი