სამართალი

“დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა” – ჟვანიას დაცვის წევრის ჩვენება

12 აგვისტო, 2015 • 1639
“დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა” – ჟვანიას დაცვის წევრის ჩვენება

“მე დარწმუნებული ვარ სრულად იმაში, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. თუ  ეს ასე არ იყო, ჩამსვით ციხეში იმდენ ხანს, რომ მე იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდე” – თქვა მან.

 

ძაძამიამ 2005 წლის 3 თებერვალს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარის შეკითხვებს უპასუხა.

 

“კართან დავდექი და ტელეფონზე ვრეკავდი. მისი ხმა მესმოდა, ტელეფონი რომ რეკლავდა მისი ხმა მესმოდა. მერე კარზე დავაზარე და რეაქცია არ იყო. იმის შიში, რომ შიგნით რამე იქნებოდა, არ მქონდა. ნამდვილად არ ვნერვიულობდი, რომ იქ რამე მოხდებოდა, იმიტომ რომ იყო მომენტები, როცა არ იღებდა ტელეფონს,”– თქვა მან.

 

ძაძამია ამბობს, რომ კობა ხარშილაძე ბინაში მის მიერ გაღებული ფანჯრით შევიდა. მისთვის კარი ხარშილაძეს უნდა გაეღო, რადგან როგორც მან აღნიშნა, ჟვანია კარს ყოველთვის შიგნიდან თავად კეტავდა. ძაძამიას თქმით, კობა ხარშილაძემ მისთვის კარის გაღება დააგვიანა და ამის გამო მას დაურეკა კიდეც.

 

იგი ამბობს, რომ როდესაც შევიდა, დაინახა, რომ ჟვანია იატაკზე იწვა. შესვლის შემდეგ მას კობა ხარშილაძემ სთხოვა, გამათბობელი გამოერთო.

 

“რომ მივედი, კობამ მითხრა, გამორთე, ამის დედაო”- ამბობს ძაძამია.

 

მისივე თქმით, გაზის გამათბობელი შიშინის ხმას გამოსცემდა. იგი იხსენებს, რომ როდესაც გამოსართავად მივიდა, გამათბობელი ცივი იყო, გამორთვის შემდეგ კი შიშინის ხმა შეწყდა. ძაძამიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მისი ჩვენების არ სჯერათ, მზად არის საზოგადოების წინაშე სიცრუის დეტექტორით დაკითხონ.

 

“დავინახე, რომ კობას ეჭირა ხელში წამოწეული ზურა და ქალივით ქვითინებდა,” – ამბობს ძაძამია. მან ასევე თქვა, რომ როდესაც ჟვანიას ტანსაცმელს აცმევდნენ, ხან კობა ხარშილაძე ხდებოდა ცუდად, ხან – ის.

 

მისივე თქმით, მათი მოქმედებები მიმართული იყო მხოლოდ იმისკენ, რომ ზურაბ ჟვანიას სახელისთვის ჩირქი აეცილებინათ.

 

იგი ადასტურებს, რომ ჟვანიას ცხედარი მართლაც გაიტანეს გარეთ და მანქანაში ჩასვეს, მერე კი უკან დააბრუნეს იმ ადგილას, სადაც თავიდან იწვა.  მან ასევე გაიხსენა, რომ გატანის დროსაც ცუდად გახდა, ცხედარი ფეხების მხრიდან ეჭირა და დაუვარდა.

ძაძამია ამბობს, რომ ბინაში მას დანაშაულის კვალი არ დაუნახავს, სისხლი, ან რაიმე სხვა სახის დაზიანება არ შეუმჩნევია.

 

მიხეილ ძაძამია
მიხეილ ძაძამია

 

მიხეილ ძაძამიამ პროკურორის შეკითხვაზე, თუ რამდენად სწორი იყო მისი, როგორც პრემიერ–მინისტრის დაცვის წევრის მხრიდან, ჟვანიას კონსპირაციულ ბინაში მარტო დატოვება, ძაძამიამ უპასუხა, რომ იმ დღეს იგი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა და ჟვანია კონსპირაციულ ბინაში მიიყვანა, როგორც მეგობარი. მან ასევე აღნიშნა, რომ იმ ღამეს თავად ზურაბ ჟვანიამ სთხოვა, რომ წასულიყო. ასევე, მისი განცხადებით, ჟვანია ბინის გასაღებს ყოველთვის თვითონ იტოვებდა და კარს შიგნიდან კეტავდა. 


“ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მისი კონსპირაციულობა, მისი სახელი დამეცვა,”– თქვა მან სასამართლო პროცესზე. 

 

 

ძაძამიას განცხადებით, მან ზურაბ ჟვანიასთან მუშაობა 1998 წელს დაიწყო. მისი თქმით, იგი სამსახურიდან მხოლოდ ერთხელ წამოვიდა – როდესაც ჟვანია ოპოზიციაში გადავიდა და დაცვა შეუმცირეს. მისივე განცხადებით, იგი რემა ჟვანიასთან არასოდეს მისულა სამსახურში აღდგენის საკითხზე და მას მხოლოდ თავისი შვილის ავადმყოფობის დროს მიმართა დასახმარებლად. 

მასალების გადაბეჭდვის წესი