ახალი ამბები

პოლიციამ ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავა

7 აგვისტო, 2019 • 659
პოლიციამ ინტერნეტით ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: 1995 წელს დაბადებული გ.ა., 2003 წელს დაბადებული დ.ს. და 1985 წელს დაბადებული ს. ო.

დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებას ონლაინ საკომუნიკაციო აპლიკაცია “ტელეგრამის” მესენჯერის მეშვეობით ასაღებდნენ.

როგორც შსს აცხადებს, სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული, ერთ-ერთი ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 7 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს. დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია 66 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

უწყებისვე ცნობით, პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში არსებული სამალავებიდან სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღო.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი