ახალი ამბები

კონსორციუმში საკუთარ აქციებს ხაზარაძე და ჯაფარიძე სატრასტო ფონდს გადასცემენ

5 აგვისტო, 2019 • 871
კონსორციუმში საკუთარ აქციებს ხაზარაძე და ჯაფარიძე სატრასტო ფონდს გადასცემენ

მამუკა ხაზარაძის თქმით, ის და ბადრი ჯაფარიძე კონსორციუმში საკუთარ აქციებს სატრასტო ფონდს გადასცემენ. ხაზარაძემ ეს გადაწყვეტილება თიბისი ბანკის საქმეს დაუკავშირა და თქვა:

„ეს პროექტი ბევრად მეტია, ვიდრე მე და ბადრი. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რომ ორივე ჩვენგანთან დაკავშირებულმა პროცესებმა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დაუსაბუთებელი და უსამართლოა ისინი, უარყოფითად არ იმოქმედოს ანაკლიის პორტის პროექტზე.

ამიტომაც ჩვენ არა მხოლოდ გადავდგებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, არამედ ჩვენს აქციებსაც გადავცემთ უსაფრთხო, საერთაშორისო დამოუკიდებელ სატრასტო ფონდს – ვიდრე არ გაქარწყლდება ჩვენ წინააღმდეგ წარდგენილი უსაფუძვლო ბრალდებები,”- ამბობს მამუკა ხაზარაძე განცხადებაში, რომელსაც “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.

მანამდე ჯაფარიძე/ხაზარაძემ განაცხადეს, რომ განვითარების კონსორციუმის მენეჯმენტს ტოვებენ. როგორც ხაზრაძემ მაშინ განმარტა, ამით დამთავრდება სპეკულაცია, თითქოს ისინი ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესს აზიანებენ და მათ გამო კონსორციუმი ინვესტორებისგან საჭირო თანხის შეგროვებას ვერ ახერხებს.

მამუკა ხაზარაძე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრების დამტკიცებამდე საბჭოს თავმჯდომარეა, ბადრი ჯაფარიძე კი -მისი მოადგილე. თუმცა, როგორც კონსორციუმი დღეს გავრცელებულ გაცნხადებაში წერს, ახალ “კანდიდატთა დანიშვნასთან დაკავშირებული შესაბამისი კორპორაციული ფორმალობების გავლის შემდეგ“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მაიკლ ქაუგილი შეუდგება.

დღესვე კონსორციუმმა განცხადება გაავრცელა, სადაც საბჭოს ახალი წევრები დაასახელა.

ხაზარაძე/ჯაფარიძე ანაკლიის მენეჯმენტს ტოვებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი