ახალი ამბები

ხაზარაძე/ჯაფარიძე ანაკლიის მენეჯმენტს ტოვებენ

26 ივლისი, 2019 • 1181
ხაზარაძე/ჯაფარიძე ანაკლიის მენეჯმენტს ტოვებენ

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მენეჯმენტს დატოვებს.

როგორც სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ხაზარაძემ უთხრა, ამით დამთავრდება სპეკულაცია, თითქოს ისინი ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესს აზიანებენ და მათ გამო კონსორციუმი ინვესტორებისგან საჭირო თანხის შეგროვებას ვერ ახერხებს.

“რაც შეეხება ანაკლიას, ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ანაკლია არის სასიცოცხოლოდ მნიშვნელოვანი პროექტი. ეს პროექტი არის შემოტრიალება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ორიენტაციის. ერთხელ და სამუდამოდ საქართველო დაფიქსირდება კარიბჭედ აზიასა და ევროპას შორის. მსხვილ ინვესტორებთან ჩვენ თითქმის დასრულებული გვქონდა მოლაპარაკებები, ორი დღის წინ ისევ ქაოსში ჩაგვაგდეს. ერთი მხრივ, ამბობენ, რომ ანაკლიას მხარს უჭერენ, ხოლო მეორე მხრივ, პირდაპირ, ღიად ებრძვიან [პროექტს]. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. აქედან გამომდინარე, მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, მომავალ კვირას პრესკონფერენცია მოვაწყოთ, ჩვენ შევცვლით ანაკლიის მმართველ საბჭოს და გადავიწევთ უკანა პლანზე. ჩამოვშორდები თავმჯდომარეობას და ბადრი მოადგილის თანამდებობას დატოვებს. რათა ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით. ამას მხოლოდ იმისთვის ვაკეთებთ, რომ ეს პროექტი არ გაჩერდეს. შეუძლებელია ამ პირობებში ელაპარაკო ბანკებს 650 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციაზე და ყოველდღე პროკურატურა სახალხოდ გდებდეს ბრალს”, – აცხადებს ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა, ბადრი ჯაფარიძე კი- მოადგილე. მათ გარდა საბჭოში კიდევ ორი წევრი,  ბობ მეიერი და  დიმიტრი აბდუშელიშვილი არიან. კონსორციუმის 99.99%-ს სააქციო საზოგადოება ანაკლია ჰოლდინგი, ხოლო 0.01% სახელმწიფო ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი