ახალი ამბები

სასამართლომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

9 თებერვალი, 2015 • • 1409
სასამართლომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორ ლევან ბაჩიაშვილის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. ადვოკატი სოსო ჯოგლიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას მოითხოვდა, თუმცა იგი არ აპირებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციაში.


პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს მკვლელობის მოტივსა და ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ ირაკლი ფირცხალავასთან.


იური ვაზაგაშვილი, რომელიც წლების მანძილზე იბრძოდა 2006 წლის 2 მაისს სპეცოპერაციის შედეგად მოკლული შვილის – ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გამოძიებისა და დამნაშავეების დასჯისთვის, 2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში სწორედ მისი შვილის საფლავზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

 

პროკურატურამ 2 თებერვალს გახსნილად გამოაცხადა ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე და სსკ 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიბელ გარემოებაში) ბრალი წარუდგინა 11 პირს, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს და მოქმედ თანამშრომლებს. მათ შორისაა, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსის მოადგილე ირაკლი ფირცხალავა.

 

2015 წლის 8 თებერვალს კი პროკურატურამ განაცხადა იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულის დაკავების თაობაზე. მოქმედ პოლიციელ გია სოსანაშვილს ბრალი სსკ 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმელ გარემოებაში) და 236-ე მუხლებით (საბრძოლო მასალის მართლსაწინაღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა. პროკურატურის ცნობით, გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა საფლავზე აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილი ე.წ. „ფალიის სახელური“, რომელზედაც ჩატარებული ექსპერტიზით აღმოჩენილი იქნა სოსანაშვილის დნმ-ის კვალი. თავად სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში სოსანაშვილს 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გია სოსანაშვილი, ფოტო - მისი ფეისბუქის გვერდიდან
გია სოსანაშვილი, ფოტო – მისი ფეისბუქის გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი