ახალი ამბები

NGO-ები საარჩევნოდ დაგეგმილი ცვლილებების ნაწილს რისკის შემცველად აფასებენ

5 აგვისტო, 2019 •
NGO-ები საარჩევნოდ დაგეგმილი ცვლილებების ნაწილს რისკის შემცველად აფასებენ

დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები გააცნო. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, მმართველმა გუნდმა რეკომენდაციების დიდი ნაწილი არ გაითვალისწინა, ნაწილს კი რისკის შემცველად აფასებენ.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ პრობლემურია ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებულია სუტყვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვასთან, რადგან სიძულვილის ენის განმარტების გარეშე შესაძლოა ეს უარყოფიდათ აისახოს სიტყვის თავისუფლების სტანდარტზე.

სალაძე ასევე მიიჩნევს, რომ პარტიულ სიაში გენდერული კვოტები დაფინანსებაზე არ უნდა იყოს მიბმული:

„პრობლემური ცვლილებაა განსაკუთრებით დაფინანსების ცვლილებასთან, რომელიც დაკავშირებულია სიტყვის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვასთან. ჩვენ გვესმის ის რეკომენდაციები, რომლებიც ამ მიმართულებით იყო, თუმცა ვხედავთ უფრო დიდ საფრთხეს სიძულვილის ენის განმარტების გარეშე შემოტანის შემთხვევაში, ისევე როგორც ეს საფრთხე არ არის მყისიერი საფრთხე, ასეთ პირობებში ამ ტიპის შეზღუდვის შემოტანა ვფიქრობთ, რომ შესაძლოა უარყოფითად აისახოს არსებულ სიტყვის თავისუფლების სტანდარტზე. გარდა ამისა, ჩვენა არ ვუჭერთ მხარს შემოთავაზებულ ვერსიას, რომელიც განსხვავებული სქესის ადამიანების სიაში შეყვანის შემთხვევაში 30% -იან დაფინანსებაზეა მიბმული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არანაირი დაფინანსება არ უნდა იყოს ამაზე მიბმული”, – აცხადებს სულხან სალაძე.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამების მენეჯერი ლევან ნატროშვილი კი აცხადებს, რომ ცვლილებების ამ სახით მიღების შემთხვევაში პრობლემები შეექმნებათ მედიაორგანიზაციებსაც:

“რეკომენდაციების დიდი ნაწილი არ იქნა გათვალისწინებული მმართველი გუნდის მიერ. ამასთან, ზოგიერთი არსებული რეგულაცია მნიშვნელოვნად არის გაუარესებული ამ ვერსიაში, მათ შორის მედიისთვისაც. საუბარი მაქვს იმაზე, რომ მედიას გაუმკაცრდა რეგულაციები არჩევნების კუთხით. აქ საუბარია, მაგალითად, იმაზე, რომ სარეკლამო ტარიფების დადგენა მხოლოდ ერთხელ უნდა მოხდეს, მედიაორგანიზაციებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომ რეკლამების შინაარსი აკონტროლონ და თუ ამ კანონს დაარღვევენ, ძალიან სერიოზული სანქციები შეიძლება დაუწესდეთ” ,-ამბობს ნატროშვილი.

ვრცლად წაიკითხეთ:

10 საარჩევნო ცვლილება, რომელსაც ხელისუფლება გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი