ახალი ამბები

საღინაძე: პროკურატურამ R2-დან “ფორმულა კრეატივთან” გაფორმებული ხელშეკრულებები გამოითხოვა

2 აგვისტო, 2019 • 1462
საღინაძე: პროკურატურამ R2-დან “ფორმულა კრეატივთან” გაფორმებული ხელშეკრულებები გამოითხოვა

“ფორმულა კრეატივის” თანადამფუძნებელი ირაკლი საღინაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-დან” პროკურატურამ ყველა ის ხელშეკრულება გამოითხოვა, რომელიც ტელეარხს “ფორმულა კრეატივთან” ჰქონდა გაფორმებული.

საღინაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია მას პროკურატურიდან სანდო წყარომ აცნობა:

“როგორც პროკურატურიდანვე სანდო წყარომ გვაცნობა, პროკურატურამ რუსთავი 2-დან “ფორმულა კრეატივთან” არსებული ყველა კონტრაქტი გამოითხოვა”, – ამბობს საღინაძე.

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” საქართველოს პროკურატურასაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არასწორია.

მანამდე, პირველ აგვისტოს, პროკურატურამ თქვა, რომ უწყებაში დაწყებულია გამოძიება რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე.

საგამოძიებო უწყებამ ასევე თქვა, რომ მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები რუსთავის 2-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერმედია“ და „ინტერმედია პლუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის ყოფილმა მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ პოროკურატურაში საჩივარი მიმდინარე წლის ივლისში, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე შეიტანა. ნიჟარაძემ, ისევე როგორც ტელეკომპანიის სხვა მეწილეებმა, ტელეკომპანიაში თავისი წილი სრულად დაკარგა სტრასბურგის 18 ივლისის გადაწყვეტილების შედეგად. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ძალაში დარჩა ქართული სასამართლოების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა.

ამავე თემაზე:

მშვილდაძე: გაგვაფრთხილეს, თუ “ჩცდ-ს” R2-დან წავიღებდით, “ინტერმედია” გაპრობლემდებოდა

მასალების გადაბეჭდვის წესი