ახალი ამბები

შპს “ფორმულა” ხარვეზის გამოსწორებამდე მაუწყებლობის ავტორიზაციაც ვერ მიიღებს -GNCC

15 აგვისტო, 2019 • 1709
შპს “ფორმულა” ხარვეზის გამოსწორებამდე მაუწყებლობის ავტორიზაციაც ვერ მიიღებს -GNCC

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, განცხადებაში, რომელიც შპს “ფორმულამ“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მისაღებად წარადგინა, ხარვეზები დაფიქსირდა. კომისია ამბობს, რომ ხარვეზების გამოსასწორებლად კომპანიას 5 დღეს მისცა.

“2019 წლის 13 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიაში შემოვიდა შპს „ფორმულას“ განაცხადი მაუწყებლობის ავტორიზაციის შესახებ. კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და დაადგინა, რომ მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია კომპანიის მიერ სრულად არ არის წარმოდგენილი.

აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა შპს „ფორმულას“ და ხარვეზების აღმოსაფხვრელად კანონით დადგენილი 5 სამუშაო დღე განესაზღვრა,“ – წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

კომისია ამბობს, რო წარმოდგენილ დოკუმენტებში შემდეგი სახის ხარვეზები ნახა, კერძოდ:

“განცხადებაში არ არის მითითებული სატელევიზიო მაუწყებლობის ბრენდული სახელწოდება; თანდართულ დოკუმენტებში ხარვეზით არის წარმოდგენილი დაფინანსების გეგმა და ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, კერძოდ, არ არის მითითებული რა ფულადი სახსრებითა და აქტივებით გეგმავს კომპანია მაუწყებლობის დაწყებას.

გეგმაში მითითებულია მხოლოდ ის შემოსავალი, რომლის მიღების მოლოდინი კომპანიას მაუწყებლობის დაწყების შემდეგ აქვს. ამას გარდა, კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებულია მულტიპლექსით, სატელიტით, საკაბელო ოპერატორების ქსელისა და ინტერნეტის გამოყენებით მაუწყებლობის გავრცელების ხარჯები, თუმცა არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ პლატფორმებზე მაუწყებლობის დაწყების თარიღები. ასევე, არ არის მითითებული რა სახსრებით გეგმავს კომპანია აღნიშნული ხარჯების დაფარვას.

“კომისიისთვის ასევე არ არის მოწოდებული მულტიპლექსში თავისუფალი რესურსის არსებობის შესახებ შპს „სტერეო+“-თან გაფორმებული შეთანხმების წერილი ან ხელშეკრულება, ისევე, როგორც თანამგზავრულ და საკაბელო ოპერატორთან გაფორმებული შეთანხმების წერილი ან ხელშეკრულება; კიდევ ერთი ხარვეზი საწესდებო კაპიტალსა და მისი განაღდების ნაწილს ეხება.

გაცხადებული საწესდებო კაპიტალის შესახებ ინფორმაცია დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტით, ისევე, როგორც ცნობა აქტივებისა და პასივების შესახებ,“ – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

რაც შეეხება თავად ახალ ტელეკომპანიას, ნეტგაზეთი დაუკავშირდა მის გენერალურ დირექტორს, ზუკა გუმბარიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ამჟამად კომპანიის იურისტები კომისიის პასუხს ეცნობიან და კომენტარს ცოტა ხანში გააკეთებენ.

“ფორმულა კრეატივის” გუნდმა 2019 წლის 19 ივლისს დაარსა შპს “ფორმულა”. ახალი ტელეკომპანიის სახელი სწორედ ეს იქნება და ის მაუწყებლობას ოქტომბრიდან გეგმავს, სწორედ ამიტომ, შპს “ფორმულამ” 13 აგვისტოს კომუნიკაციების კომისიას მაუწყებლობის უფლების მისაღებად მიმართა.

ზუკა გუმბარიძე ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ არხი საერთო მაუწყებლობას გეგმავს, რაც გულისხმობს იმას, რომ ის დაფარავს როგორც სოციალურ და პოლიტიკურ, ასევე გასართობ თემატიკასაც.

ტელევიზიის შექმნის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ კომპანია ახალ ტელევიზიას თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობით აფუძნებენ.

რაც შეეხება სარედაქციო პოლიტიკას, მიშა მშვილდაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილმა ვისაც [რომელ პარტიასაც] არ უნდა დაუჭიროს მხარი, პირადად იძლევა გარანტიას, რომ ეს არ იქნება ახალი ტელევიზიის საქმიანობის მთავარი ღერძი, რადგან ამაზე წინასწარ შეთანხმდნენ.

“ფორმულა კრეატივი” ტელეგადაცემებს მანამდე “რუსთავი 2”-სთვის ამზადებდა. მათ შორისაა სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები”. აღიშნული კომპანია ასევე არის ინტერნეტ- გამოცემა On.ge-ს მეწილე. “ფორმულა კრეატივი” მართავს ტელეარხ “მესამესაც”, თუმცა ამ არხის ქონება და სიხშირე “რუსთავი 2-ის” საკუთრებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი