C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩასართავად საჭირო კვლევები უფასო გახდება – ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 2 აგვისტოს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართვის მსურველი პირებისთვის საჭირო კვლევები უფასო გახდება.

“ჩვენ გვაქვს შანსი, გავხდეთ პირველი ქვეყანა, რომელიც მოახდენს C ჰეპატიტის ელიმინაციას. ეს არის პროგრამა, რომლის გამოცდილებასაც სწავლობს მთელი მსოფლიო. ბუნებრივია, ჩვენ პერიოდულად ვახორციელებთ მასში გარკვეულ ცვლილებებს. ამ დრომდე მოქალაქეებს მკურნალობაში ჩასართავი კვლევებისთვის სჭირდებოდათ 140-დან 360 ლარამდე გადახდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს სერვისიც გახდება უფასო”, – თქვა ბახტაძემ.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან 4 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში პირველადი შემოწმებით C ჰეპატიტის სავარაუდო არსებობა 123 000 ადამიანს დაუდგინდა, თუმცა მკურნალობა მხოლოდ 40%-მა დაასრულა.

ელიმინაციის პროგრამის მიზნების მიხედვით, 2020 წლისთვის ქვეყანას C ჰეპატიტით ინფიცირებული 150 000 ადამიანის 90%-ის განკურნებისთვის უნდა მიეღწია (135 000 ადამიანი), თუმცა ექსპერტებიც და სახელმწიფოს წარმომადგენლებიც აღიარებენ, რომ მიმართვიანობის ამ ტემპებით 2020 წლისთვის დასახული მიზნის მიღწევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია და არ გამორიცხავენ, რომ პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში ათიათასობით ადამიანი ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩეს.

მომავალში $80 ათასი დაგიჯდებათ მკურნალობა, რომელიც ახლა უფასოა და შესაძლოა გჭირდებათ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.