ახალი ამბები

ნიკა გვარამიას სასამართლოში 2 აგვისტოს გამოკითხავენ

1 აგვისტო, 2019 • 1240
ნიკა გვარამიას სასამართლოში 2 აგვისტოს გამოკითხავენ

რუსთავი 2-ის ყოფილ დირექტორ ნიკა გავრამიას თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ დიდი ოდენობით ფულის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე. გამოკითხვა 11 საათზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის თანდასწრებით ჩატარდება.

როგორც პროკურატურამ დღეს, პირველ აგვისტოს გავრცელებული განცხადებით თქვა, უწყებაში დაწყებულია გამოძიება რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე.

საგამოძიებო უწყებამ ასევე თქვა, რომ მათი შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები რუსთავის 2-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერმედია“ და „ინტერმედია პლუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსთავი 2-ის 9%-იანი წილის ყოფილმა მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ პოროკურატურაში საჩივარი მიმდინარე წლის ივლისში, სტრასბურგის გადაწყვეტილებამდე შეიტანა. ნიჟარაძემ, ისევე როგორც ტელეკომპანიის სხვა მეწილეებმა, ტელეკომპანიაში თავისი წილი სრულად დაკარგა სტრასბურგის 18 ივლისის გადაწყვეტილების შედეგად. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ძალაში დარჩა ქართული სასამართლოების გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშის საკუთრებაა.

ნიკა გვარამია ნიჟარაძის განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას ხელისუფლების მიერ მის მიმართ წარმოებულ დევნას უკავშირებს.

დიქტატურა სხვა რაღაა? – გვარამია ახალ გამოძიებასა და პროკურატურაში მის დაბარებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი