ახალი ამბები

დიქტატურა სხვა რაღაა? – გვარამია ახალ გამოძიებასა და პროკურატურაში მის დაბარებაზე

1 აგვისტო, 2019 • 1251
დიქტატურა სხვა რაღაა? – გვარამია ახალ გამოძიებასა და პროკურატურაში მის დაბარებაზე

“მეგობრებო, განსაკუთრებით დასავლელების საყურადღებოდ, საერთოდ რამის გაკეთება რომ შეუძლებელია უკვე ამ ქვეყანაში, რა შეფასება უნდა მიეცეს ამას? და დიქტატურა სხვა რაღაა, თუ არადა ეს?”, – ასე ეხმაურება რ2-ის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია გენპროკურატურის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც სარეკლამო სახლ ინტერმედიის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და გვარამიას გამოკითხვაზე იბარებენ.

“პროკურატრაში დამიბარეს დაკითხვაზე. ნინო ნიჟარაძის მიერ ჩემ წინააღმდეგ შეტანილ ბუნებაში არარსებულ ფაქტებზე საქმე აღუძრავთ და ამ ეტაპზე მოწმის სახით მიბარებენ. სამი მუხლითაა საქმე აღძრული: 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ და მე-3 ნაწილის გ (დიდი ოდენობით მითვისება ან გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა და ბ (დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 220-ე მუხლი (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება)”, – წერს გვარამია ფეისბუკზე.

“როგორც დიქტატურის პირობებში მოსალოდნელიც იყო, არათუ რ2-ში არ შეიძლებოდა ჩემი დარჩენა და თავისუფალი და კრიტიკული სიტყვის გარანტირება, იქიდან წამოსვლა და რ2-ის წარსულში დატოვება, მაგრამ ახალი კრიტიკული ტელევიზიის გაკეთებაც არ შეიძლება. და საერთოდ, ჩემი არსებობა ამ ქვეყანაში უკვე, ზოგადად, არ შეიძლება, როგორც ჩანს

მეგობრებო, განსაკუთრებით დასავლელების საყურადღებოდ, საერთოდ რამის გაკეთება რომ შეუძლებელია უკვე ამ ქვეყანაში, რა შეფასება უნდა მიეცეს ამას? და დიქტატურა სხვა რაღაა, თუ არადა ეს?”, – წერს გვარამია და დასძენს, რომ ის ბრძოლას არ შეწყვეტს.

“მე, როგორც ქართველ პატრიოტს, ჩემი არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული მაქვს. მამაჩემი ებრძოდა საბჭოთა კავშირს და თავისი თვალით იხილა მისი მართალი და ისტორიული ბრძოლის ისტორიული შედეგი – საქართველოს გათავისუფლება კომუნიზმისგან და საბჭოთა ოკუპაციისგან და საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაცია. მეც 30 წლის მერე პრაქტიკულად იგივე ბრძოლაში ვარ – ასევე მართალში და ისტორიულში, და ასევე საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. და ვპირდები ჩემს შვილებს – მეც ვნახავ ჩემი ისტორიული ბრძოლის ისტორიულ შედეგს, და ისინი იცხოვრებენ ბოლომდე დესოვიეტიზებულ თავისუფალ საქართველოში, სადაც თავისუფალი სიტყვის მსახურებისთვის არავინ დაიბარებს პროკურატურაში”, – ნათქვამია გვარამიას განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი