ახალი ამბებისაზოგადოება

რეორგანიზაციის მიუხედავად, სამინისტრო უარყოფს სასწრაფოს თანამშრომელთა შემცირებას

1 აგვისტო, 2019 • 2082
რეორგანიზაციის მიუხედავად, სამინისტრო უარყოფს სასწრაფოს თანამშრომელთა შემცირებას

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის მიერ გამოცემული ბრძანების თანახმად, ცენტრში გამოცხადდა რეორგანიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თანამშრომლების შემცირებას უარყოფს, სხვა რამ წერია თალაკვაძის ბრძანებაში.

“სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გამოცხადდეს რეორგანზიაცია, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს შტატების შემცირება და სტრუქტურული ცვლილებები”, – ნათქვამია 25 ივლისით დათარიღებულ დოკუმენტში.

აი, ფაქტისცნობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომელებს ხელს აწერინებენ დოკუმენტზე, . გამაფრთხილებელ ბარათზე, რომელშიც წერია, რომ ისინი გაფრთხილებულნი არიან შესაძლო გათავისუფლების შესახებ.

„ჯანდაცვის სამინისტროსგან ვერ მივიღეთ პასუხი, თუ რა ბედი ელის თანამშრომლებს, ვინც ამ დოკუმენტს ხელს მოაწერს, და რა პრინციპებით მოხდება მათი თავიდან შერჩევა. ვერც იმაზე გვიპასუხეს, რატომ ხდება კადრების შემცირება და ოპტიმიზაცია მაშინ, როცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრებში ისედაც ბრიგადებისა და კადრების ნაკლებობაა“, – ნათქვამიააი, ფაქტის განცხადებაში“.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს. მათი თქმით, გამოცემული ბრძანების თანახმად, მთელ სამინისტროში გამოცხადდა რეორგანიზაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოხდება კადრების გათავისუფლება. რაც შეეხება კონკრეტრულად სასწრაფო სამედიცინო ცენტრს, იგეგმება რესურსების გაძლიერება და არა არსებული კადრების გათავისუფლება.

„არ არის სიმართლე, რომ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის რომელიმე თანამშრომელი გათავისუფლდება. პირიქით, ცვლილებების მეშვეობით რაოდენობის გაზრდაცაა მოსალოდნელი“,- გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში.

რაც შეეხება გაფრთხილების ბარათს, უწყების თქმით, ამ ბარათზე ხელი სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სსიპების თანამშრომლებმაც მოაწერეს.

„ეს არის კანონმდებლობით განსაზღვრული ფორმა, როდესაც რეორგანიზაცია ცხადდება საჯარო სამსახურში. ეს არის სტანდარტული ფორმა, რომელსაც ყველა თანამშრომელი ხელს აწერს“, – გვითხრეს ჯანდაცვის სამინისტროში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი