ახალი ამბები

სოხუმში რუსეთი აეროპორტის ასამუშავებლად ემზადება, რა უნდა ქნას თბილისმა?

31 ივლისი, 2019 • 2254
სოხუმში რუსეთი აეროპორტის ასამუშავებლად ემზადება, რა უნდა ქნას თბილისმა?

სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე 1993 წლიდან დაკეტილია, არ არის სერტიფიცირებული და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO), რომელიც აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს, არ აქვს მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. 

შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისევე როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, აცხადებენ, რომ “ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას”. 

“ძაღლი ყეფს, ქარავანი მიქრის”, – ასე პასუხობენ ოფიციალურ თბილისს აფხაზეთში, სადაც სოხუმის აეროპორტის ამოქმედების საკითხი მორიგ ჯერზე გააქტიურდა – 26 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე შესაბამისი დადგენილება მიიღეს  და ითქვა, რომ აფხაზეთის  საჰაერო სივრცეს რუსეთის ფედერაციის აერონავიგაციური ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომი შეტანის მიზნით “საერთაშორისო კოდი” URAS მიენიჭა – U პოსტსაბჭოთა ქვეყნების აეროპორტების კოდებში ფიგურირებს, R რუსეთის ქალაქ დონის როსტოვს აღნიშნავს, A – აფხაზეთს, S კი – სოხუმს.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ამოქმედების შემდეგ სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი, სატვირთო გადაზიდვების გარდა, დღე-ღამეში 3-5 ათასი მგზავრის მიღებას შეძლებს. ამავდროულად, თავად აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მიუთითა იმ არაერთგვაროვნებაზე, რომელიც აფხაზეთის საზოგადოებაში თავს იჩენდა ხოლმე სოხუმის აეროპორტის სტატუსთან დაკავშირებით.

“მესმის, რომ ჩვენი საზოგადოება ჩვეულებრივი არ არის, არც ყველაზე დიდია. ჩნდება სხვადასხვა კითხვები: როგორ აისახება ეს ჩვენს სუვერენიტეტზე, როგორი იქნება შემდგომში ჩვენი ცხოვრება? ორიოდე წუთის წინ, როცა კოდის გაშიფრვის საკითხი დადგა და გაიშიფრა სიტყვა “როსტოვი”, გაჩნდა აზრი, “ეს სუვერენიტეტის დაკარგვას ხომ არ ნიშნავს? რუსეთმა თავად გვაღიარა და აკეთებს ყველაფერს, რომ სახელმწიფოდ შევდგეთ”, – განაცხადა ხაჯიმბამ.

მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ აეროპორტებს სპეციალურ ოთხნიშნა კოდებს, რომლებიც  ფრენების დაგეგმვისთვის და მონაცემების გაცვლისთვის გამოიყენება, გაერო-ს სპეციალიზებული სააგენტო – სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO ანიჭებს. რუსეთის მიერ, ICAO-ს სტანდარტის მსგავსად, სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებულ “ადგილმდებარეობის ინდიკატორს” სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან სინამდვილეში არანაირი კავშირი არ აქვს. 2006 წელს ICAO-მ სოხუმის აეროპორტის კოდის ანულირება მოახდინა და თავისი დოკუმენტაციიდან მის შესახებ ინფორმაცია ამოიღო. 

შესაბამისად, ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლების ნებართვისა და ICAO-ს გარეშე სოხუმის აეროპორტი საერთაშორისო რეისებს ვერ მიიღებს, თუმცა თბილისში არ გამორიცხავენ, რომ აეროპორტი “რუსეთის შიდა რეისებისთვის” გაიხსნას. ასეთ შემთხვევაში, ექსპერტების თქმით, საქართველომ ეს გადაწყვეტილება ICAO-ში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში უნდა გაასაჩივროს და რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოითხოვოს.

“რა თქმა უნდა, საქართველომ უნდა დააყენოს საკითხი, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, საჰაერო მიმოსვლის სტანდარტებს, ქმნის საფრთხეს რეგიონში არალიცენზირებული და არასტანდარტიზებული აეროპორტის ამოქმედებით”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული აეროპორტის ამოქმედებას რუსეთისთვის არანაირი ეკონომიკური სარგებელი არ გააჩნია და ეს მხოლოდ პოლიტიკური საკითხია.  

“აფხაზებს აქვთ პრეტენზია, ეს გააფორმონ როგორც საერთაშორისო აეროპორტი – ეს ასე ვერ იქნება. აქ არ არის უბრალოდ პოლიტიკური საკითხი – ვის ეკუთვნის ტერიტორია, აქ არის უსაფრთხოების საკითხები, მარშრუტების საკითხები და თეორიულადაც გამორიცხულია, ICAO-მ ამ ტიპის აეროპორტს საერთაშორისო სტატუსი მიანიჭოს.  უკეთეს შემთხვევაში, თუ აეროპორტმა იმუშავა, რაშიც ეჭვი მეპარება, ის იქნება რუსეთის შიდა რეისებისთვის, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს კავშირი, მაგალითად, ადლერის აეროპორტთან და იქიდან გადაჯდომით ჩამოვიდნენ ტურისტები. მაგრამ უცხოელი ტურისტები, როგორც წესი, აფხაზეთში არ ჩადიან, რუსებიც კი უარს ამბობენ იქ ჩასვლაზე. ადლერი-სოხუმის მატარებლებიც არ არის დატვირთული. მგაზვრობა შემოიფარგლება ავტობუსებით და მიკროავტობუსებით. საზღვაო ტრანსპორტმაც ვერ იმუშავა, რადგან არ არის ტურისტების ნაკადი და მოთხოვნა დიფერენცირებულ სატრანსპორტო მიმოსვლაზე. ამიტომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური თემა, რომელსაც რუსეთი აგორებს, რათა ანგარიში გაუწიოს აფხაზების მოლოდინებს აღიარების მიმართულებით. როგორც ჩანს, შენახული აქვთ საშინაო დავალებაში სხვადასხვა ვარინატები, პროექტები და ახლა ამოაძვრინეს თავიის ჩემოდნიდან ერთ-ერთი პროექტი, რათა ჩავარდნილი აღიარების პოლიტიკის ფონზე აფხაზების ამბიცია დააკმაყოფილონ”, – აცხადებს ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილი იხსნებს, რომ რუსეთმა სოხუმის აეროპორტის ამოქმედების გადაწყვეტილება არ მიიღო მაშინაც, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა – სოჭის ოლიმპიადის დროს, როცა გარშემო სარეზერვო აეროპორტები სჭირდებოდა. ზაქარეიშვილის თქმით, სამხედრო თვალსაზრისით მოსკოვს ბაბუშერას აეროპორტი არ სჭირდება, ვინაიდან გამართლი ინფრასტრუქტურა აქვს გუდაუთასთან მდებარე ბომბორას აეროდრომში.

სოხუმის აეროპორტი 1993 წლის შემდეგ ვერტმფრენებისა და პატარა თვითმფრინავებისთვის გამოუყენებიათ, ამასთან, ზაქარეიშვილის თქმით, სულ ცოტა ერთხელ – სახელმწიფო დონეზე – 2008 წელს, აფხაზეთის აღიარების შემდეგ  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სახელმწიფო თვითმფრინავით სწორედ სოხუმის აეროპორტში ჩაფრინდა.

გრძელვადიან პერსპექტივაში აფხაზეთში აეროპორტის გახსნას ცუდ იდეად არ მიიჩნევს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ყოფილი მთავარი მომლაპარაკებელი ჟენევის დისკუსიებში სერგი კაპანაძე, თუმცა ამბობს, რომ ეს დიდი შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს.

“ახლა, როცა ცალმხრივ რეჟიმში აკეთებს ამას რუსეთი, ეს არის ოკუპაციის პირდაპირი გაგრძელება და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა. სოხუმის აეროპორტმა რომ მიიღოს ფრენები, ამისთვის საჭიროა ICAO-მ მიანიჭოს კოდი, რაც შეუძლებელია. რუსეთმა შეიძლება, იქ შიდა ფრენები განახორციელოს და თუ ამას დაიწყებს, მაშინ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ICAO-ს ფარგლებში და ზოგადად, საერთშორისო ორგანიზაციების ფარგლებში , ამის გამო დაეკისროს სანქციები. პრევენციულად მუშაობა საჭიროა ICAO-სთანაც და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთანაც”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” სერგი კაპანაძემ. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ “სატრანსპორტო ადმინისტრაცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმების ჩათვლით, რათა დაცული იქნას ICAO-ს და საერთაშორისო სტანდარები”, თუმცა არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რა მექანიზმებს მიმართავს და მოითხოვს თუ არა რუსეთისვის შესაბამისი სანქციის დაწესებას.

“არანაირ საერთაშორისო ფრენებზე საუბარი არ შეიძლება იყოს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უფრო საკუთარ სურვილებს აჟღერებენ, ვიდრე რეალობას. თუ რუსეთიდან განხორციელდება რამე ფრენები, ეს იქნება კიდევ ერთხელ იმის დადასტურება და ხაზგასმა, რომ სწორედ რუსეთი არის საოკუპაციო ძალა და ახორციელებს იქ ეფექტურ საოკუპაციო კონტროლს”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლაშა დარსალიამ ნეტგაზეთის შეკითხვის შემდეგ.

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის (რომლის საფუძველზეც შექმნილია ICAO) ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ, რომ ყოველ სახელმწიფოს სრული და განსაკუთრებული სუვერენიტეტი აქვს თავისი ტერიტორიის საჰაერო სივრცის მიმართ და ვერავითარი რეგულარული საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან მის თავზე, თუ არა სპეციალური ნებართვის ან ამ სახელმწიფოს სხვა სანქციით.

სოხუმის აეროპორტი აშენდა 1960-იან წლებში გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშერაში, სოხუმიდან 18 კილომეტრში.  საბჭოთა კავშირის პერიოდში, ზაფხულში დაახლოებით 5 ათას მგზავრს იღებდა, ზამთარში კი – ათასს. აეროპორტი 1993 წელს, აფხაზეთში ომის შემდეგ დაიხურა. სოხუმსა და მოსკოვს შორის 2014 წელს ხელმოწერილი იყო შეთანხმება, რომელიც სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის თანამშრომლობას ითვალისწინებდა, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს პროცესი არ დაწყებულა.

რაც შეეხება ფაქტობრივ ვითარებას სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და იმის შესახებ, თუ რა სახის ფრენები განხორციელებულა ან ხორციელდება იქ მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დაკეტილია ქართული მხარის მიერ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ:

“აეროპორტი დახურულია საერთაშორისო სამოქალაქო ფრენებისთვის და, შესაბამისად, რეგულარული ან არარეგულარული სამოქალაქო საერთაშორისო ფრენები არ სრულდება. სააგენტოს ინფორმაციით, გასული წლების განმავლობაში აეროპორტში ერთჯერადად განხორციელდა ცალკეული ფრენა რუსეთის სახელმწიფო ავიაციის მიერ (სამხედრო საჰაერო ხომალდები და სამთავრობო რეისი). ასევე, 2008 წლამდე ეუთო-ს ეგიდით სრულდებოდა ერთჯერადი ფრენები თბილისიდან, ეუთო-ს და გაერო-ს სადამკვირვებლო მისიების გადაყვანის მიზნით”.

კოდის მინიჭების თაობაზე ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სააგენტოში აცხადებენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ გახმიანებული კოდი „URAS“ არ არის შეტანილი ICAO-ს DOC 7910-ის გამოცემაში და აღნიშნული ვერ განხორციელდება საქართველოს საავიაციო ხელისუფლების შუამდგომლობის გარეშე, ასევე,  ნახსენები კოდი არ არის შეტანილი რუსეთის ფედერაციის ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში (AIP).

მასალების გადაბეჭდვის წესი