ზემოხსენებული საკომიტეტო განხილვა გუშინ, 2 თებერვალს გაიმართა, მაშინ, როცა კომიტეტის 2 თებერვლის ანონსში მითითებული არ იყო, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტი “შუღლის გაღვივების” კანონპროექტზე იმსჯელებდა.
“პროცედურული დემოკრატია in action. კანონპროექტს, რომლის მიღებასაც ადამიანის უფლებათა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა უდიდესი ნაწილი უპირისპირდება (შუღლის გაღვივებისაკენ მოწოდების კრიმინალიზაცია), ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ჩვენგან “მალულად” იხილავს და დადებით რეკომენდაციას აძლევს”, – დაწერა ფეისბუკზე იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას” წარმოადგენს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომიტეტს აღნიშნული საკითხი 2 თებერვალს უნდა განეხილა, არც საიას საპარლამენტო მდივან თათული თოდუას ჰქონდა. მისი თქმით, განხილვას ამავე მიზეზის გამო არც ერთი იმ ენ-ჯე-ოს წარმომადგენელი არ დასწრებია, რომელმაც კანონპროექტის საკითხზე საკუთარი მოსაზრება ამ განცხადებით ჩამოაყალიბა.
რატომ ჩატარდა კომიტეტის სხდომა არასამთავრობო სექტორის ამ ნაწილის გარეშე? – ნეტგაზეთმა კითხვით კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას მიმართა, რომელიც ამბობს, რომ მომხდარის გამო წუხს. მისი განმარტებით, კომიტეტს ხსენებულ კანონპროექტზე დღეისთვის უნდა ემსჯელა, თუმცა თამაზ ავდალიანის გასვენების გამო პარლამენტში დაგეგმილი ყველა სხდომა გადაიდო. ამიტომ, მისი თქმით, კომიტტემა კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს საკითხი გუშინდელ სხდომას დამატებოდა. ბესელიას თქმით, ამ კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის ვადა კომიტეტს 4 იანვარს ეწურება, თუმცა მასზე მსჯელობას ხვალ ვერ მოახერხებდა, იმიტომ, რომ სესიაა დაგეგმილი. კითხვას, რატომ არ შეატყობინეს არასამთავრობოებს წინასწარ ეს ყველაფერი, იგი პასუხობს, რომ პარლამენტის ვებგვერდზე ინფორმაცია გუშინვე დაიდო. ამასთან, იგი ხაზს უსვამს, რომ სხდომას სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი ეკა ფოფხაძე და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. კითხვას, მაშინ სახალხო დამცველის აპარატმა როგორ გაიგო, რომ კომიტეტი შსს-ს ინიციატივას 2 თებერვალს განიხილავდა, იგი ადასტურებს, რომ ომბუდსმენის აპარატს მათ თვითონ შეატყობინეს.
რაც შეეხება უშუალოდ კომიტეტის სხდომას, ბესელიას თქმით, მათ ყველა ის ძირითადი შენიშვნა გაიზიარეს, რომელიც საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობოებს გააჩნიათ, მათ შორის სიტყვის თავისუფლების დაცვის კუთხით:
“სხდომას ესწრებოდა სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი ეკა ფოფხაძე, რომელმაც ის მოსაზრებები გაახმოვანა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ. 2-3 საათიანი განხილვა იყო და გარკვეული შენიშვნებიც შევიტანეთ, სხვათა შორის, იმ მოსაზრებების გათვალისიწნებით, რომელიც არასამთავრობოებს ჰქონდათ, და კომიტეტმა მხარი დაუჭირა იმ შენიშვნებს, რომელიც საჯაროდაც იყო გამოთქმული და სახალხო დამცველმაც გაახმოვანა”, – ამბობს ბესელია.
მთავრობის ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 239-ე პრიმა მუხლი “მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით”. ეს მუხლი ასეთი შინაარსისაა:
“მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ესე იგი ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოცილაური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ამ განხეთქილების ჩამოგდების მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე”.
იურისტები ფიქრობენ, რომ ეს მუხლი შესაძლოა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საბაბად იქცეს, რადგან ის არ შეიცავს დათქმას, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ის განცხადებები იქნება დასჯადი, რომელიც ზემოხსენებულის პირდაპირ და აშკარა საფრთხეს ქმნის. ბესელიას თქმით, კომიტეტი ამ შენიშვნას დაეთანხმა და მისი ინფორმაციით, მას კანონპროექტის ავტორებიც ეთანხმებიან და ტექსტის კორექტირებას აპირებენ.
“კომიტეტის შენიშვნაა, რომ გაკეთდეს დათქმა, რომ საფრთხე იყოს პირდაპირი და რეალაური, და იგივე სტანდარტი იქნას მუხლში გადმოტანილი, როგორიც არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში, რასაც ავტორებიც ეთანხმებიან და ველოდებით, რომ ამ პროექტში კორექტირება შევა და ცვლილებები იქნება. საფრთხე უნდა იყოს პირდაპირი და რეალური. ეს დათქმა იმ საფრთხეს მოხსნის, რომ გამოხატვის თავისუფლება არ შეიზღუდოს”, – აღნიშნავს ბესელია ნეტგაზეთთან საუბარში.
იურისტების უკმაყოფილებას მუხლში არსებული, მათი თქმით, ისეთი ბუნდოვანი ჩანაწერებიც იწვევს, როგორიც, მაგალითად, მტრობის ჩამოგდება ან თვითონ შუღლის გაღვივებაა. ბესელიას თქმით, კომიტეტმა ეს შენიშვნაც გაიზიარა:
“ჩვენს დასკვნაშიც წერია და სხდომაზეც გახმოვანდა, იმისათვის, რომ არ გაჩნდეს არასწორი ინტერპრეტაციის საფუძველი, მაქსიმალურად მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს ფორმულირება, რათა არ მოხდეს ნორმის არასწორი ინტერპრეტაცია. კომიტეტმა ამ შენიშვნების გათვალისიწნებით უყარა კენჭი და მე ვფიქრობ, კომიტეტემა ასახა ის განწყობა, რაც არასამთავრობოებსაც ჰქონდათ”, – აცხადებს ბესელია.
კანონპროექტის მომდევნო საკომიტეტო განხილვა იურიდიულ კომიტეტში გაიმართება.