ახალი ამბები

Adjaranet.com სარეკლამო კომპანია “დიჯითალ ედზ”-მა იყიდა

30 ივლისი, 2019 • 7046
Adjaranet.com სარეკლამო კომპანია “დიჯითალ ედზ”-მა იყიდა

ვებგვერდი Adjaranet.com სარეკლამო კომპანია Digital Ads-მა იყიდა. როგორც კომპანიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ამჟამად გადაბარების პროცედურა დასრულებული არაა და სამომავლო გეგმებზე ვერ ისაუბრებენ.

რაც შეეხება თავად კომპანიას, Digital Ads-ში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ მათ მფლობელობაშია რამდენიმე სხვა ვებ-გვერდი, მათ შორის, Myvideo.ge, Amindi.ge, Taripebi.ge, Imovies.ge, News.ge,  Fly.ge და ა.შ:

“ITDC არის ერთ-ერთი ისეთივე შვილობილი კომპანია Digital Ads-ის, როგორიც გახდა რამდენიმე დღის წინ Adjaranet.com. Digital Ads არის ჰოლდინგი, სარეკლამო კომპანია, რომელი ფლობს რამდენიმე შპს-ს.

ეს არის Imovies.ge, ITDC, ამინდი, ტარიფები და ა.შ. ისევე როგორც Myvideo შეიძინა წლების წინ Digital Ads-მა, ასევე მოხდა Adjaranet-ის შემთხვევაში. კიდევ მიმდინარეობს გადმობარება, ამიტომ სამომავლო გეგმებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ, თუმცა აუცილებლად გავაკეთებთ ახლო მომავალში განცხადებას” , – აცხადებენ კომპანიაში.

საჯარო რეესტრის ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელი ირაკლი ცინცაძეა, 100-პროცენტიანი წილი კი ლევან ჭიორელს ეკუთვის.

ჭიორელი ასევე შპს ელიტ სერვისის და შპს ევრაზია ექსპორტის დირექტორია. ხოლო წილებს ფლობს რამდენიმე კომპანიაში, მათ შორის, 100%-ს შპს ელიტსერვისში, რომელიც ტექნიკის შემკეთებელი კომპანიაა და სხვადასხვა ბრენდის ტექნიკის შეკეთებაზე მუშაობს. ლევან ჭიორელი ასევე ფლობს შპს მეგა მოლის 100%-ს.

ერთ-ერთ კომპანიას, შპს ვიტამინი 2017-ს, რომლის 100%- იან წილს ასევე ლევან ჭიორელი ფლობს, 2017 წლის 31 აგვისტოს “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის” 30 000 ლარი აქვს შეწირული. პარტიების შემომწირველებში ჭიორელის სხვა კომპანიები არ ფიქსირდება.

“აჭარანეტის” გაყიდვის შემდეგ “სინემანიის” გუნდი გამოცემას ტოვებს

მასალების გადაბეჭდვის წესი