ახალი ამბები

Adjaranet და iMovies ნაწილობრივ კვლავ ხელმისაწვდომია — რა ხდება

22 ნოემბერი, 2022 • 8252
Adjaranet და iMovies ნაწილობრივ კვლავ ხელმისაწვდომია — რა ხდება

ვებსაიტი adjaranet, რომელზე წვდომაც რამდენიმე კვირის წინ ფილმებისა და სერიალების არალეგალური გავრცელების გამო შეიზღუდა, ამ დროისთვის ნაწილობრივ კვლავ არის ხელმისაწვდომი.

ასევე ხელმისაწვდომია ფილმების მეორე ქართული ვებსაიტი, imovies (VPN-ის, DNS-ის ან IP მისამართის შეცვლის გარეშე).

21 ნოემბრის საღამოდან ამ დრომდე (22 ნოემბერი, 14:00 საათი) ზოგიერთ მომხმარებელს შეუფერხებლად შეუძლია საიტების გახსნა და ფილმებისა და სერიალების ყურება.

ჯერჯერობით საიტების ადმინისტრატორებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა კომუნიკაციების კომისიას. უწყების პასუხს „ნეტგაზეთი“ მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

2022 წლის აგვისტოდან ფილმების არალეგალური საიტები adjaranet.com და imovies.cc არ მუშაობდა. ორივე საიტზე შესვლისას ჩნდებოდა წარწერა – „საიტი რეკონსტრუქციის პროცესშია“.

კომუნიკაციების კომისიამ აგვისტოში განაცხადა, რომ ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, ვებგვერდებთან, რომლებიც პირატულ აუდიო-ვიზუალურ პროდუქციას ავრცელებენ, ორწლიანი ვადა მისცა იმისთვის, რომ „საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტი კანონთან შესაბამისობაში მოეყვანათ და ლეგალურად განეთავსებინათ“.

ComCom-ის თანახმად, მეკობრეობის სრულად აღმოფხვრის მიზნით, იმ ვებსაიტებთან დაკავშირებით, რომლებმაც „კომისიის მოთხოვნის მიუხედავად არ ამოიღეს საკუთარი პლატფორმიდან არალეგალური კონტენტი“, კომისიამ მიმართა ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც, „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულნი არიან მოახდინონ რეაგირება და მიიღონ შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით“.

საიტის გათიშვასა და კომუნიკაციების კომისიის ამ განცხადებას წინ უსწრებდა ახალი, ქართული ე.წ. სტრიმინგ სერვისის შექმნა – Cavea Plus. საიტის მოხმარების 1 თვის საფასური 9 ლარია. თუმცა Cavea Plus მომხმარებელს უფასოდაც სთავაზობს შეზღუდული რაოდენობის ფილმებსა და სერიალებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი