ახალი ამბები

განჯინა, გაიღე და მიიღე – კედელზე განთავსებული ერთმანეთზე ზრუნვის საჯარო სივრცე

2 თებერვალი, 2015 • • 3228
განჯინა, გაიღე და მიიღე – კედელზე განთავსებული ერთმანეთზე ზრუნვის საჯარო სივრცე

განჯინა ფილოსოფოსმა ლევან ღამბაშიძემ და განათლების საკითხების მკვლევარმა სიმონ ჯანაშიამ ერთობლივი ძალებით შექმნეს. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სახლიდან აიღოს ნებისმიერი საგანი, რომელსაც არ იყენებს ან აღარ სჭირდება და ღია განჯინაში დადოს. სანაცვლოდ კი სხვა ნივთი წამოიღოს, რომელიც განჯინაში დახვდება.

 

“სიმონიც და მეც ბევრს ვმოგზაურობთ და უცხოეთში ცალ-ცალკე ნანახი გვქონდა მსგავსი „განჯინები“. ერთად ბევრ რამეს ვაკეთებთ ხოლმე და გადავწყვიტეთ ამ საქმისთვისაც მოგვეკიდა ხელი. სიმონს ბევრი საჭირო ხელსაწყო აღმოაჩნდა განჯინის ასაწყობად და, როგორც გაირკვა, შესაბამისი უნარებიც გვქონია. მასალები შევისყიდეთ და ორი დღის განმავლობაში ავაწყეთ უკვე ცნობილი ფორმით”,- ამბობს ლევან ღამბაშიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

მისივე თქმით, ამ მოძრაობის მიზნია ქალაქში საგანთა გაცვლა-გამოცვლისათვის განკუთვნილი კომფორტული სივრცე შეიქმნას:

 

“ხშირად მსმენია ფეისბუქზე თუ პირად საუბრებში, რომ ადამიანებს აქვთ ნივთები, რომლებიც, მიუხედავად იმისა, რომ თავად არ სჭირდებათ, ისეთ მდგომარეობაშია, რომ სხვამ შეიძლება გამოიყენოს. ასეთ ნივთებს ყველანი სადმე სახლში შემოვდებთ ხოლმე და დიდი ხნის განმავლობაში ვინახავთ, ან ახლობელს ვაძლევთ, ან ვუცდით რომელიმე დღესასწაულის დროს გამართულ საქველმოქმედო აქციას და იქ ვუყრით ხოლმე თავს. უფრო ხშირად კი მათ უბრალოდ ვაგდებთ ნაგვის ურნაში. ხშირად გვინახავს კიდეც ნაგვის ურნაზე, ან მასთან ახლოს დადებული ესა თუ ის ნივთი, რომელიც მისმა მფლობელმა ისე დადო, რომ სხვამ აიღოს. თუმცა, მიუხედავად კეთილი განზრახვისა, ნაგვის ურნა მაინც ნაგვის ურნაა და ის ნებისმიერ საგანს მის სიახლოვეს ნაგვად აქცევს”,- ამბობს ლევან ღამბაშიძე.

 

განჯინა- ფოტოები აღებული მოძრაობის ფეისბუქ გვერდიდან
განჯინა- ფოტოები აღებული მოძრაობის ფეისბუქ გვერდიდან

ავტორები თვლიან, რომ “განჯინა” ადამიანების საკუთარ თავთან და ერთმანეთთან დამოკიდებულებას შეცვლის:

 

“დიდია უიმედობაა, რომ მსგავსი რამ ჩვენთან არ იმუშავებს. ბევრჯერ მოვისმინეთ უკვე, რომ „ქართველები ამას დაამტვრევენ“, რომ „არავინ არაფერს გაიღებს“ და ა.შ. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება უფრო მეტი კულტურული და მზრუნველი მოქალაქისაგან შედგება, ვიდრე ვანდალებისაგან. დროა ჩვენს თავზე ამგვარად დავიწყოთ ფიქრი. დალეწავენ – აღვადგენთ. ჩვენ ვერა? – სხვა აღადგენს”

 

ლევან ღაბმაშიძე ამბობს, რომ განჯინა თანასწორობის ადგილია:

 

“განჯინასთან ვდგავარ მეც, ისიც, ვისაც ჩემზე მეტი აქვს და ისიც, ვისაც ჩემზე ნაკლები აქვს. როგორც წესი, ის არის უხილავი, ვისაც ყველაზე ცოტა აქვს, მაგრამ ჩვენ მაინც ვხედავთ მათ. განჯინის საშუალებით ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვხედავთ. რომ ჩვენთვის ერთმანეთის ბედი სულერთი არ არის და რომ ჩვენ ერთმანეთზე ვზრუნავთ”,-ამობს ის.

 

“განჯინა” რამდენიმე დღეა ფუნქციონირებს და ამ დროის მანძილზე,  ყოველდღე განჯინაში სულ სხვადასხვა ნივთები იყრის თავს. ძირითადად- ტანისამოსი, წიგნები, საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვადასხვა საჭმელი:

 

“ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო რამ, რაც ამ ხნის განმავლობაში შევიტყვეთ, ერთ-ერთი მომხმარებლის კომენტარი იყო ფეისბუქზე, რომ ის მივიდა განჯინასთან, დატოვა ნივთი, რომელიც მიიტანა, აიღო რაღაცა, რაც მოეწონა და შემდეგ დანარჩენი ნივთები მოაწესრიგა. უხეშად რომ ვთქვა, დაალაგა განჯინა. ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენ გვინდოდა. განჯინა ყველასია და გვიხარია, რომ საზოგადოებამ ეს მალე გააცნობიერა”,-ამბობს ლევან ღამბაშიძე.

განჯინის მშენებლობა -ფოტოები აღებული მოძრაობის ფეისბუქ გვერდიდან
განჯინის მშენებლობა -ფოტოები აღებული მოძრაობის ფეისბუქ გვერდიდან

მოძრაობის ავტორებს “განჯინის” გაფართოვება სურთ, რომ მან არა მხოლოდ ერთი კონკრეტული უბანი ან ქალაქი მოიცვას, არამედ სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში გავრცელდეს. მით უფრო, ამის გაკეთება ყველა ადამიანს შეუძლია, ვისაც ეს იდეა მოსწონს და იზიარებს. მსგავსი “განჯინის” გაკეთების მზაობა უკვე გამოთქვეს ქუთაისსა და ზუგდიდში.

 

“დაგვიკავშირდნენ, მათ აინტერესებდათ თვითმმართველობის ორგანოებიდან ნებართვის მოპოვების საკითხი. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერს გავუწიოთ კონსულტაცია, დავეხმაროთ მშენებლობაში, რენდერის გაკეთებაში თუ სხვა საკითხებში, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ დამხმარეები ვართ და არა ინიციატორები. თუ ზუგდიდში გაკეთდა განჯინა, მისი გამკეთებელი ხდება ჩვენი ერთობის წევრი, ვინაიდან პრინციპულად ისიც იგივე ცოდნას ფლობს, რასაც ჩვენ. „განჯინა“ ერთგვარი მოძრაობა უფროა, ვიდრე პროექტი”, – ამბობს ლევან ღამბაშიძე.

 

მისივე თქმით, სამომავლოდ სურვილი აქვს იარსებოს ვებ-გვერდმა, სადაც განთავსდებოდა ყველა განჯინის აღმნიშვნელი რუკა, რომელიც საგანთა გაცვლის პროცესს უფრო მოსახერხებელს გახდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი