საზოგადოება

რაზე ოცნებობენ საახალწლოდ უკრაინელი ბავშვები საქართველოში

27 დეკემბერი, 2022 • 2086
რაზე ოცნებობენ საახალწლოდ უკრაინელი ბავშვები საქართველოში

სტატიაზე მუშაობდნენ მიხეილ გვაძაბია და ნიკა ბურდული

“თუ ჰკითხავ ბავშვს, საიდან მოდის, გეუბნება, რომ უკრაინიდან, ომიდან ჩამოვიდა. ზოგმა არ იცის მშობლიური ქალაქი, მაგრამ იცის ომი”, — გვეუბნება სვეტლანა, რომელიც თბილისში, უკრაინელი პატარებისთვის გახსნილ საბავშვო კლუბში მასწავლებლად მუშაობს.

სანამ მათი მშობლები მუშაობენ, სამსახურს ეძებენ ან დოკუმენტებს აგროვებენ, თბილისი ცენტრალის ბოლო სართულზე მოწყობილ სივრცეში ათეულობით ბავშვი ატარებს დღეს: თამაშობენ, ხატავენ, ესწრებიან უკრაინულად კითხვის, ცეკვისა და მუსიკის გაკვეთილებს.

მათი დიდი ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთი უკრაინიდანაა: ქალაქებიდან, რომელთაც ყველაზე მწარედ გამოსცადეს რუსეთის საოკუპაციო ძალების სისასტიკე.

ახლა, როცა თბილისში მეტ-ნაკლებად მკვიდრდებიან, საბავშვო კლუბი Happy Me ცდილობს, ბავშვებს მშობლიური გარემო შეუქმნას და ომის ტრავმა შეუმსუბუქოს. თუმცა, იმისთვის, რომ სრულფასოვნად იფუნქციონიროს, პროექტს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

როგორ გაჩნდა Happy Me

იმუშავებდით, შესაძლებლობა რომ გქონდეთ?  — ეკითხებოდა მონიკა იარანოვსკა საქართველოში შვილებთან ერთად ჩამოსულ უკრაინელ ქალებს.

ეს ის პერიოდია, როცა თბილისში ჩამოსულ უკრაინელ ლტოლვილებს მერია სასტუმროებში ასახლებდა და ცხოვრებასაც უფინანსებდა. თუმცა, ომს გამოქცეულებს — ძირითადად, ბავშვიან ქალებს — ესმოდათ, რომ ადრე თუ გვიან ეს პროგრამა დასრულდებოდა.

“ახლა არდადეგებია და ძიძის ყოლისთვის საჭირო თანხა რომ მქონდეს ან ბაღში [შეყვანის შესაძლებლობა] იყოს, [ვიმუშავებდიო]”, — ეუბნებოდნენ ქალები მონიკას.

უკრაინელი ლტოლვილები ნიდერლანდებში. 04.03.22 ფოტო: EPA 

მონიკა იარანოვსკა პოლონეთის მოქალაქეა, რომელიც პროექტის მენეჯერად საქმიანობს სხვადასხვა საგანმანათლებლო და IT პროექტში. მისი და მისი ოჯახის ცხოვრება უკანასკნელ წლებში მრავალგზის დაუკავშირდა საქართველოს.

როცა ომი დაიწყო, საქართველოს ფრენბურთის ფედერაციას ეხმარებოდა ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად, თუმცა 24 თებერვლის შემდეგ მონიკას ყოველდღიურობა შეიცვალა: საელჩოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მოხალისეებთან ერთად თბილისში ჩამოსული უკრაინელების დასახმარებელ აქტივობებში ჩაება.

“მე მქონდა კავშირი მოხალისე ჯგუფებთან და თბილისის მერიასთან. საკრებულოს წევრის, ნინო რუხაძის მეშვეობით მქონდა ინფორმაცია, რამდენი ადამიანი იყო სასტუმროებში… ვიცოდით, ვინ იყვნენ ისინი, რამდენი ბავშვი იყო, რამდენი მშობელი…” ,— დასძენს ის.

მონიკა იარანოვსკა შვილთან ერთად თბილისში, ფრენბურთის მატჩზე

როგორც გვიყვება, ზოგიერთ მშობელს სურდა, შვილებისთვის მოეძებნა ადგილი, სადაც მშობლიურ, უკრაინულ ატმოსფეროს იგრძნობდნენ. ზოგიერთმა ბავშვები ქართულ ბაღებში მიიყვანა, თუმცა ენობრივი ბარიერის, ომის შემდგომი ტრავმებისა და სხვა გარემოებების გამო პატარები იქაურობას ვერ შეეგუვნენ.

ამ ფონზე,მონიკამ გადაწყვიტა, რომ უნდა გაეკეთებინა რაიმე ისეთი, რაც შესაძლებლობას გაუჩენდა ქალებს, დაეტოვებინათ ბავშვები უსაფრთხო სივრცეში, თავად კი სამუშაო ეპოვათ და დოკუმენტაცია მოეწესრიგებინათ.

ასე გადაწყდა საბავშვო კლუბის გახსნა. მერიასთან ერთად შესაბამის ფართს, თავდაპირველად, წარუმატებლად ეძებდა, თუმცა ბოლოს რკინიგზის ცენტრალური სადგურის შენობაში მიაგნო თავისუფალ სივრცეს.

“თბილისი ცენტრალის დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა, უსასყიდლოდ დაგვითმო ფართი”, — აღნიშნავს ის.

“დავიწყე სათამაშოების, დეკორაციების შეგროვება. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციას ვხვდებოდი, რათა მოეცათ ფურცლები, სახატავი მასალები… დავურეკე ყველა საელჩოს, რომელსაც ვიცნობდი. მგონი, 15 ივნისს მივიღე [ფართის] გასაღები”, — ჰყვება მონიკა.

“კლუბში ბუშტებს არასდროს ვიყენებთ”

საბავშვო კლუბი, რომელიც ნახევარი წლის წინ ჯერაც იდეა იყო, ახლა საახალწლო დეკორაციებით, სათამაშოებით, წიგნებითა და ნახატებითაა სავსე. რამდენიმე ჯგუფში, ჯამურად, 55-მდე ბავშვი ერთიანდება.

თითოეულმა ბავშვმა, რომელიც თანატოლებთან ერთად თამაშში, ზღაპრების მოსმენასა თუ ხატვაში ატარებს დღეს, აქ ოჯახთან ერთად ჩამოსასვლელად მძიმე გზა გამოიარა:

გარდა იმისა, რომ სახლები იძულებით დატოვეს, ბავშვები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოწყობილ ე.წ. ფილტრაციის ბანაკებშიც მოხვდნენ, შემდეგ კი — რუსეთის გავლით მოაღწიეს საქართველომდე.

საბავშვო კლუბი Happy Me. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

როცა ვკითხეთ, რაზე ოცნებობდნენ საახალწლოდ, არაერთი მათგანი ომის დამთავრებისა და სახლში დაბრუნების ნატვრა გაგვიზიარა. მხოლოდ შემდეგ, განმეორებითი კითხვის საპასუხოდ თქვეს, რომ მანქანა, ლეგო თუ თოჯინა სურთ საჩუქრად.

“ბრწყინვალედ ესმით, რომ რუსეთი დაგვესხა თავს”, — გვეუბნება სვეტლანა დრუჟინა, პროფესიით ქორეოგრაფი, რომელიც საბავშვო კლუბში მასწავლებლად საქმიანობს.

არც მისი გზა ყოფილა მარტივი: რამდენიმე თვე ოკუპირებულ მელიტოპოლში გაატარა, საქართველოში კი ანექსირებული ყირიმის გავლით მოუწია ჩამოსვლა.

“თუ აკეთებენ ქაღალდის თვითმფრინავებს, ამბობენ, რომ რუსული რაკეტა მოფრინავს”, — გვიყვება სვეტლანა კლუბის ბავშვებზე საუბრისას.

საბავშვო კლუბი Happy Me. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

უკრაინელ მასწავლებლებთან ერთად საბავშვო კლუბში მუშაობს ფსიქოლოგიც, რომელიც როგორც ბავშვებს, ისე მშობლებს, ომის შემდგომი ტრავმების დაძლევაში ეხმარება. ასეთი ტრავმები კი, მძიმე გამოცდილების ფონზე, ახლაც იჩენს თავს.

“არის შემთხვევები, როცა სახლი ენატრებათ, მამის ნახვა უნდათ… ბავშვები ამბობენ, რომ მაგალითად, იყო ძლიერი აფეთქებები, მამა უკრაინაში დარჩა…” ,— გვეუბნება დიანა ტიმოფეევა, ლოგოპედი კიევიდან, რომელიც თავისი პროფესიით საქმიანობს საბავშვო კლუბში.

“რაღაც ხმამაღალი რომ არის, თავშესაფარს ეძებენ. ვეუბნებით, რომ უსაფრთხოდ არიან და არაფერზე იდარდონ. ასოციაცია აქვთ, თითქოს ბომბები ცვივა. მათთვის ეს უზარმაზარი ტრავმაა”, — ამატებს ის.

ზაფხულში კლუბს ასობით მშობელი აკითხავდა, თუმცა შემდგომ ჯგუფები მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, სამუშაო საათები კი გახანგრძლივდა. შედეგად, როგორც მონიკა იარანოვსკა ამბობს, მშობლების ნახევარმა უკვე იშოვა სამსახური.

“ზაფხულში ამას ვერ ახერხებდნენ, რადგან დროის მონაკვეთი [როცა ბავშვებს ვიტოვებდით], საკმაოდ მცირე იყო”, — აღნიშნავს ის.

საბავშვო კლუბი Happy Me. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ახლა როგორც მშობლები, ისე ბავშვები, ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ თავიანთი სამშობლოსგან შორს; მინიმუმ მანამდე, სანამ ომი დასრულდება და სახლებში დაბრუნება შეეძლებათ.

“ჩვენ გვყავს ბევრი ბავშვი, რომლებიც ცნობენ ბომბის ხმას. ამიტომაც არის, რომ კლუბში ბუშტებს არასდროს ვიყენებთ”.

“ეს ტელევიზორი არ არის. ეს ცხოვრებაა და ყოველდღე ხედავ ამ ხალხს. იცი, რომ მათ ნახევარს აღარ აქვს სახლები. ერთი ჩემოდნით ჩამოვიდნენ და სულ ეს არის, რაც დარჩათ…”, — გვეუბნება მონიკა.

რით შეგიძლიათ, დაეხმაროთ კლუბს

იმისათვის, რომ Happy Me რეალობად ექცია, მონიკა იარანოვსკას არაერთი ორგანიზაცია, საელჩო თუ კომპანია დაეხმარა. თუმცა, როგორც ყვება, დროთა განმავლობაში ფინანსური რესურსის მოძიება გაჭირდა.

“შემოწირულებების მოძიებას ვცდილობ ყველგან, სადაც კი მივდივარ, მათ შორის, პირად შეხვედრებზე. ამას ვთხოვ როგორც კერძო პირებს, ისე კომპანიებს”, – დასძენს მონიკა.

“ორგანიზაცია Save The Children სულ გვეხმარება, ჩვენი მთავარი პარტნიორია. ასევე გვეხმარებიან “ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველოში” და უკრაინის საელჩო”, — ამატებს ის, თუმცა იქვე უსვამს ხაზს, რომ ფინანსებზე მუშაობა ყოველთვის მარტივი არ არის:

“კომპანიებთან მუშაობა შედარებით რთულია, რადგან ამბობენ, რომ უკვე გადმორიცხეს [თანხა] და მეტს აღარ აპირებენ”.

საბავშვო კლუბი Happy Me. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

კლუბი ყოველდღიურად არაერთ პრობლემას აწყდება: საკუთარი ლეპტოპი არ აქვთ, პროექტორი კი, რომელსაც ბავშვებისთვის თვალსაჩინოებების მისაწოდებლად იყენებენ, თებერვლამდე აქვთ ნათხოვარი. ფერადი პრინტერი, რომელიც სხვადასხვა მასალის ამოსაბეჭდად არის საჭირო, საერთოდ არ აქვთ.

“მაცივარი, რომელიც გვიდგას, დაბადების დღეზე მაჩუქეს მეგობრებმა”, — დასძენს მონიკა.

რა სჭირდება კლუბს? როგორც დამფუძნებელი ამბობს, პირველ რიგში, ფინანსური სახსრები ბავშვების საკვებით უზრუნველსაყოფად.

და კიდევ: საჩუქრები ბავშვებისთვის. ახალ წლამდე სულ რამდენიმე დღეა და ამისთვის კლუბშიც ემზადებიან, თუმცა მათთვის არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი — 21 იანვარი, როცა Happy Me კარნავალს გეგმავს. სწორედ კარნავალზე გადასცემენ ბავშვებს საჩუქრებს, რომელთაც მსურველები შეიძენენ ან კლუბს გადაურიცხავენ ფულს მათ შესაძენად.

ამ ვიდეოში ბავშვების ნაწილი ამბობს, რა სურთ საახალწლოდ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ კლუბის ბავშვების სრული რაოდენობა 55-ს აღწევს. სწორედ ამდენი საჩუქარი უნდა შეგროვდეს კარნავალამდე.

კლუბის დახმარება შესაძლებელია თანხის გადარიცხვით ანგარიშის ნომერზე:

GE83BG0000000304314700 

მიმღები: ააიპ საქართველოს ეკონომიკური განათლების ფონდი (ორგანიზაცია, რომელსაც მონიკა იარანოვსკა ხელმძღვანელობს).

მნიშვნელოვანია, მიუთითოთ დანიშნულებაც: თუ გსურთ, თქვენ მიერ გადარიცხული თანხა კლუბის საჭიროებებს (საკვები, აქსესუარები, ტექნიკა და ა.შ.) მოხმარდეს, [გადარიცხვისას დანიშნულებაში] მიუთითეთ “Charity donation for the club”; თუ გსურთ, თანხა საჩუქრების შეძენას მოხმარდეს, უთითებთ “Charity donation for children gift”.

დეტალების დასაზუსტებლად დაუკავშირდით კლუბის მასწავლებლებს:

555 104 171 – დიანა

591 106 277 – სვეტლანა

მასალების გადაბეჭდვის წესი