ახალი ამბები

მოქალაქემ დაბადების დღეზე ნაჩუქარი ფულით თელავში პური უფასოდ დაარიგა

10 ნოემბერი, 2021 • 3045
მოქალაქემ დაბადების დღეზე ნაჩუქარი ფულით თელავში პური უფასოდ დაარიგა

მოქალაქე ვალერი ბოჭორიშვილმა დაბადების დღეზე ნაჩუქარი ფულით თელავის ცენტრში პური უფასოდ დაარიგა. პურის აღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. თავად ბოჭორიშვილი ნეტგაზეთს უყვება, რომ სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობაში სხვა დროსაც იყო ჩართული.

„ყველაფერი დაიწყო პანდემიის დროს — „ლოკდაუნის“ გამოცხადებისა და „კომენდატის საათის“ ამოქმედებიდან. თელავიდან 7 კილომეტრში, სოფელ კისისხევში მაქვს სახლი, სადაც სხვებთან ერთად ვეხმარებოდი მოხუცებს, ყოველდღე მიგვქონდა ხოლმე სხვადასხვა სახის საკვები.

სხვები აგროვებდნენ ამ პროდუქტს და რაკი მე საშვი მქონდა და ავტომობილით გადაადგილება შემეძლო, ვარიგებდი“, —  უყვება ვალერი ბოჭორიშვილი ნეტგაზეთს.

პურის დარიგება მან პირველად ახალ წელს დაიწყო. მას შემდეგ ვალერი ბოჭორიშვილმა თავისი სახსრებით პური რამდენჯერმე დაარიგა. ამის აუცილებლობა კი, მისი თქმით, კახეთში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო შეიქმნა.

ის გვიყვება, რომ პანდემია განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ზოგიერთი სოფლისთვის, სადაც მოქალაქეებისთვის ქველმოქმედებით მიღებული პროდუქცია სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენდა.

სწორედ ამიტომ, მან უფასო პურის დარიგება გადაწყვიტა.

„იმდენად მაგარი გრძნობაა, შენ მიერ გახარებულ ადამიანებს რომ ხედავ… უბედნიერესი ვარ, ამას რომ ვხედავ“, — დასძენს ის.

 

მთავარი ფოტო: აღებულია ვალერი ბოჭორიშვილის ფეისბუკ გვერდიდან/ ავტორი Creatv.space

მასალების გადაბეჭდვის წესი