ახალი ამბები

თუშეთში ავარიის ადგილზე კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – დაღუპულების რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

28 ივლისი, 2019 • 2547
თუშეთში ავარიის ადგილზე კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს – დაღუპულების რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ფშაველი-ომალოს გზაზე მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქის ცხედარი იპოვნეს.

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავარია გუშინ, 27 ივლისს მოხდა, რის შედეგადაც აქამდე ცნობილი იყო 5 ადამიანის, მათ შორის 1 არასრულწლოვანის გარდაცვალების შესახებ.

პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულა მძიმე ტექნიკაც. მაშველები კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციისას მაშველებმა 5 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 3 თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაწერილები არიან და თავს კარგად გრძნობენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

___________________

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი