ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სამეკავშირეო შეთანხმება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის – თამაში თუ რეალობა?

31 იანვარი, 2015 • • 1167
სამეკავშირეო შეთანხმება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის  – თამაში თუ რეალობა?

პიესაში მოქმედება მე-20 საუკუნეში, იტალიის ერთ-ერთი სოფლის განაპირად მდებარე ვილაში ვითარდება. სახლში, რომლის ბინადრებიც ჰაინრიხ მეოთხის სამეფო კარის მსახურებს ასახიერებენ, სრულად ცოცხლდება მე-11 საუკუნის ეპოქა. პერსონაჟებიც ამავე პერიოდის სამოსში არიან გამოწყობილი. სამეფო კარის თამაშები დიდი ხნის წინ დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა არისტოკრატების ჯგუფმა გართობის მიზნით ისტორიული კავალკადის გამართვა გადაწყვიტა. მარკიზ დი ნოლის ბიძა, რომლის სახელსაც ავტორი არ ამჟღავნებს, ჰაინრიხ მეოთხის სამოსში გამოეწყობა, ხოლო მისი საყვარელი ქალი მატილდა ტოსკანელად გარდაისახება. ერთ-ერთი სცენის დროს ფსევდო ჰაინრიხ IV-ის ცხენი ყალყზე შედგება და მხედარი ცხენიდან გადმოვარდება. როდესაც დაშავებულ მხედარს გონება დაუბრუნდება, ყველა დაინახავს, რომ ის საკუთარ როლს სერიოზულად აღიქვამს და თავს ნამდვილ ჰაინრიხ მეოთხედ მიიჩნევს.  

 

აქ ჩვენ მცირეოდენ პაუზას გავაკეთებთ და დავბრუნდებით 21-ე საუკუნის სამხრეთ ოსეთში.

 

2014 წლის ნოემბერში გამოცხადდა, რომ მომზადდა ახალი საინტეგრაციო თუ სამეკავშირეო შეთანხმება (გააჩნია ხელშეკრულების პროექტის რომელი ვერსიის ტექსტზე ვსაუბრობთ) სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა უსაფრთხოების, თავდაცვისუნარიანობის და სოციალური სფეროს საკითხებს სამხრეთ ოსეთში. თუმცა თვითონ ხელშეკრულების პროექტი თვეზე მეტხანს რჩებოდა საიდუმლოდ, მხოლოდ რამდენიმე პუნქტზე გააკეთა კომენტარები ანატოლი ბიბილოვმა, სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

2014 წლის 16 დეკემბერს პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის პრესსამსახურმა განაცხადა: “ხელშეკრულების სახელწოდება არ გამორიცხავს სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. შეთანხმების ძირითადი პუნქტები კი ითვალისწინებს რესპუბლიკის ყველაზე მჭიდრო თანამშრომლობას რუსეთთან”. ეს იყო გარკვეულწილად თავდაცვის სტრატეგია შემდგომი თავდასხმების პრევენციისთვის.

 

მაშინვე სამხრეთ ოსეთის მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება სთავაზობდა საზოგადოებას, თავიანთი წინადადებები წარმოედგინათ შეთანხმების პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ინტერნეტში შეთანხმების პროექტი მოგვიანებით, 20 დეკემბერს გამოჩნდა, მას შემდეგ, რაც ამ თემაზე უკვე დიდი განხილვები იყო ჩატარებული სოციალურ ქსელებში. საზოგადოების აზრი მხოლოდ ამ ქსელებში დარჩა და თიბილოვის ადმინისტრაციის სუფთა ფურცლებზე არ გადასულა.

 

მას შემდეგ, რაც ხელშეკრულების პროექტი ინტერნეტში გასაჯაროვდა, საპარლამენტო პარტია “სახალხო პარტია” ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ეს დოკუმენტი გააკრიტიკა და მას კონსტიტუციასთან შეუსაბამო უწოდა. ამირან დიაკონოვი ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბერში საუბრობდა იმის შესახებ, რომ მისი პარტია მზად იყო, შეთანხმების საკუთარი ვერსია ან კონკრეტული წინადადებები წარმოედგინა.

 

მიმდინარე წლის იანვარში მეკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების პროექტი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობამ მოიწონა და შესათანხმებლად მოსკოვში გაგზავნა.

 

“რუსულმა მხარემ უკვე შეიტანა კორექტივები და უკან დააბრუნა შეთანხმების პროექტი, თუმცა პრეზიდენტთან ასრებული პოლიტსაბჭოს წევრებისგან გრძელდება სხვადასხვა პუნქტებზე წინადადებების მიღება,” – ეს ინფორმაცია “კავკაზსკი უზელმა” 12 იანვარს სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ვიაჩესლავ გობოზოვზე დაყრდნობით გაავრცელა. ამავე დღეს პოლიტიკურმა პარტიებმა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან არსებულ პოლიტსაბჭოს მიმართეს, რომ გაესაჯაროებინათ ის დოკუმენტი, რომელიც შესწორდა კრემლში და გამოიგზავნა მოსკოვიდან.

 

17 იანვარს სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში მრგვალი მაგიდა გაიმართა რამდენიმე პარტიის ლიდერის მონაწილეობით, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით სანაკოევმა შეთანხმების პროექტის საკუთარი ვარიანტი წარმოადგინა, რომელიც მოგვიანებით “კავკაზსკი უზელმა” გამოაქვეყნა. იქვე გამოქვეყნდა “შეთანხმების რუსული ვარიანტი”, სწორედ ის, რომელიც პარტიის ლიდერებმა ცხინვალში გამართულ მრგვალ მაგიდაზე გააკრიტიკეს და რომელიც ოსურ მედიასაშუალებებში ჯერ კიდევ 2014 წლის 20 დეკემბერს გამოქვეყნდა.

 

21 იანვარს სამხრეთ ოსეთის ინფორმაციის და ბეჭდვის კომიტეტმა შეთანხმების პროექტის მესამე ვარიანტი გამოაქვეყნა, რომელიც თითქმის აბსოლუტურად დაემთხვა პირვანდელ, ე.წ. რუსულ ვარიანტს. სწორედ ეს დოკუმენტი მოიწონა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტთან არსებულმა პოლიტსაბჭომ.

 

ამავე დღეს პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის პარლამენტი იტოვებს უფლებას, დასვას საგარეო საქმეთა მინისტრის დავით სანაკოევის იმპიჩმენტის საკითხი რუსეთთან შეთანხმების პროექტის გასაჯაროებისთვის. მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტი არ მოახდენს სანაკოევის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტის რატიფიცირებას. ბიბილოვმა თითქმის შეასრულა მუქარა, რადგან პროექტის მესამე ვარიანტი, რომელიც ინტერნეტში განთავსდა, ჰგავს ბიბილოვის მიერ შეთავაზებულ ვარიანტს.

 

23 იანვარს თიბილოვის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის შეთანხმების რუსული პროექტი იქნება ორმხრივი სამუშაო ჯგუფის განხილვის საგანი. 31 იანვარს კი თიბილოვმა განაცხადა, რომ პროექტი უკვე გაგზავნილია კრემლში.

ლეონიდ თიბილოვი და ვლადიმერ პუტინი, ფოტო: osinform.ru
ლეონიდ თიბილოვი და ვლადიმერ პუტინი, ფოტო: osinform.ru

განსხვავება შეთანხმების პროექტებს შორის

 

მაინც რა განსხვავებაა ამ დოკუმენტებს შორის? – განსხვავება რამდენიმე, მაგრამ საკმაოდ არსებით და მნიშვნელოვან წინადადებაში გამოიხატება.

 

შეთანხმების პროექტის მესამე ვარიანტში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის საბაჟო ორგანოები ინტეგრირდებიან რუსეთის საბაჟო ორგანოების სისტემაში. მაშინ, როცა დავით სანაკოევის ვარიანტში წერია, რომ “რუსეთის საბაჟო ორგანოები უწევენ აუცილებელ ორგანიზაციულ, პრაქტიკულ და მეთოდოლოგიურ დახმარებას სამხრეთ ოსეთის საბაჟო ორგანოებს, მათი განვითარებისა და გაძლიერებისთვის. ამისათვის რუსული მხარე მრჩეველთა ჯგუფებს სახრეთ ოსეთის საბაჟო ორგანოებში აგზავნის”.

 

უფრო მეტიც! დავით სანაკოევის ვარიანტში სამხრეთ ოსეთის თავდაცვაზე ნათქვამია: “შეთანხმების მხარეების თავდაცვითი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, არაუგვიანეს ერთი წლის ვადაში, იმ დღიდან, რაც ძალაში შევა ეს შეთანხმება, შეთანხმების მხარეები ქმნიან სამხედრო (ძალების) გაერთიანებულ რეგიონულ დაჯგუფებას სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გამოყოფილი კონტიგენტის შემადგენლობაში. გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე თანხმდება სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურთან”.

 

ბიბილოვისა და თიბილოვის პოლიტსაბჭოს ვარიანტში კი ნათქვამია, რომ “რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფს სამხრეთ ოსეთის თავდაცვას და უსაფრთხოებას, სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვის ჩათვლით. ამ მიზნით სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები ერთვებიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების ორგანოების შემადგებლობაში”.

 

ექსპერტები და კომენტარები

 

ერთი შეთანხმების რამდენიმე პროექტების შესახებ ცხარე განხილვები შედგა ინტერნეტსივრცეში. ბევრმა ცნობილმა ოსმა და რუსმა პოლიტოლოგმა არაერთი ანალიტიკური სტატია გამოაქვეყნა. მაგალითად, რუსმა პოლიტოლოგმა ევგენი კრუტიკოვმა გაზეთში «Взгляд»-ში (თვალსაზრისი) დაწერა:

 

“მთელ ამ ისტორიაში უფრო თვალშისაცემი (ასევე, სამწუხაროც და სახალისოც), აი, რა არის: 2008 წელს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ მოსკოვში არავის მოუმზადებია და გამოუგზავნია ცხინვალში სამხრეთ ოსეთთან შეთანხმების არავითარი პროექტი. არავის და არასდროს!”

 

აღსანიშნავია ისიც, რომ კრუტიკოვის პუბლიკაცია 21 იანვარს გამოქვეყნდა, 2 კვირით ადრე კი, 5 იანვარს ჩრდილოოსეთის მეთაურმა თეიმურაზ მამსუროვმა განაცხადა, რომ “შეთანხმება რუსეთის ფედერაციას და სამხრეთ ოსეთს შორის – ეპოქალური, ისტორიული შანსია, რომ გადაიდგას დიდი ნაბიჯი რუსეთთან ინტეგრაციის გზაზე”.

 

მამსუროვის თქმით, სამხრეთ ოსეთის ხალხი ემზადება ამ დიდი მოვლენისთვის, “რადგანაც ეს იქნება ღირსშესანიშნავი მოვლენა არა მხოლო სამხრეთ ოსეთის ხალხის, არამედ სრულიად ოსი ხალხის ცხოვრებაში”.

 

როგორც ჩანს, კრუტიკოვმა არ იცის, რომ მამსუროვი არავითარ განცხადებას არ აკეთებს სამხრეთ ოსეთზე კრემლთან შეუთანხმებლად.

 

რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმების პროექტებში წინააღმდეგობრივ პუნქტებზე წერდა დამოუკიდებელი ოსი პოლიტოლოგი ახსარ ჯიგკაევიც: “თუკი სამხრეთ ოსეთი კარგავს თავის სუვერენიტეტს, მაშინ აუცილებელია, რომ რუსეთმა მისცეს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტია. ეს კი ერთი და იგივე არ არის”.

 

მისი თქმით, ოსეთისა და კრემლის პოლიტიკური ურთიერთობის ტრადიცია იმგვარია, რომ ოსეთისთვის პოლიტიკური გარანტიები დამოკიდებულია კრემლში პერსონებზე:

 

“და თუკი კრემლში არ იქნება პუტინი, ვითარება შეიძლება შეიცვალოს, როგორც – ბრეჟნევის შემდეგ, გორბაჩოვის შემდეგ, ელცინის შემდეგ. პუტინის ხელისუფლებისადმი დღეს ნდობას შეიძლება მოყვეს განწყობების შეცვლა რამდენიმე წლის შემდეგ”.

 

ამასთან, ექსპერტმა ახსარ ჯიგკაევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმების პროექტის ის ვარიანტი (რომელიც მოიწონა თიბილოვის პოლიტსაბჭომ) შეიცავს პრინციპულ ხარვეზებს: სამხრეთ ოსეთი – დამოუკიდებელი რესპუბლიკა და ამასთან, ყველა უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა ექვემდებარება რუსეთის ფედერაციას. ჯიგკაევი მიიჩნევს, რომ ასეთ გადანაწილებაში, როცა მორიგი გასუმიანოვები (იგულისხმება პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც 2011 წელს მუშაობდა სამხრეთ ოსეთის საკითხებზე) მოისურვებენ “გაუჩალიჩონ” სამხრეთ ოსეთს, ისინი ამას ადვილად შეძლებენ.

 

“ამ შემთხვევაში კი სამხრეთ ოსეთში ხმის ამოღებას ვერავინ გაბედავს, თუკი იურიდიული, რეპრესიული და სამხედრო სტრუქტურები კრემლის დაქვემდებარებაში იქნება,” – წერს ჯიგკაევი.

 

ერთ რამეში შეიძლება დაეთანხმო ევგენი კრუტიკოვს, – ეს სხვადასხვა შეთანხმებებით თამაშები შექსპირისეულ ვნებებს მოგვაგონებს. თიბილოვიც, სანაკოევიც, ბიბილოვიც და “სახალხო პარტიის” დეპუტატებიც ერთ გუნდში იყვნენ ოდესღაც და ახლაც არიან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი თამაშობენ მოწინააღმდეგეებს არა მხოლოდ იმიტომ, რომ აჩვენონ ხალხს, რომ ისინი სხვადასხვა აზრზე არიან, არამედ იმისთვისაც, რომ აჩვენონ მოსკოვს, რომ ისინი ჯერ კიდევ ბევრ რამეს წყვეტენ. არც ისე დიდი ხნის წინ, 2011 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც ხელისუფლება წაართვეს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტ ალა ჯიოევას, ამით ოსმა ჩინოვნიკებმა საკუთარ თავს რესპუბლიკის პოლიტიკური კურსის განსაზღვრის უფლება ჩამოართვეს.

ახლა კი დროა დავუბრუნდეთ ლუიჯი პირანდელოს პიესას და მის ფინალს გავეცნოთ. იტალიელი არისტოკრატების თამაში გერმანული სამეფო კარის წარმომადგენლებად მრავალ წელს გრძელდებოდა. დაახლოებით 2 ათეული წლის შემდეგ ფსევდო-მსახურებმა გაუმხილეს სიმართლე ფსევდო-მეფეს იმის თაობაზე, რომ ეს თამაში იყო. ჰაინრიხ მეოთხე ფრიდას ეხვეოდა, ოდესღაც მისი შეყვარებულის ქალიშვილს, რომელსაც მატილდად მიიჩნევდა, მაგრამ როდესაც შეეცდებიან ფრიდა გამოიხსნან მისი მკლავებიდან, უცებ იგი ერთ მსახურს ნამდვილ ხმალს გამოსტაცებს და მუცელში დაჭრის მეორე მსახურ “ბელკერდის”, რომელსაც არ სჯეროდა, რომ ის გიჟი იყო. ფსევდო ჰაინრიხ მეოთხე შოკირებულია, რომ მისმა ფანტაზიამ ხორცი შეისხა და მას დანაშაულის ჩადენა აიძულა. ის მასთან “დაახლოებულ” – ოთხ ახალგაზრდას ეძახის თითქოს თავდაცვის მიზნით და მათ ეუბნება: “ჩვენ აქ ვრჩებით ერთად, ერთად… და სამუდამოდ!”


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 


მასალების გადაბეჭდვის წესი