ახალი ამბები

მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან კარავი მაინც გაშალა

25 ივლისი, 2019 • 1311
მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან კარავი მაინც გაშალა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა დღის ბოლოს მაინც შეძლო კარვის გაშლა პარლამენტთან, რისი უფლებაც მას პოლიციელებმა დღისით არ მისცეს. 

მას კარვის გაშლაში აქცია “სირცხვილიას” მონაწილეები დაეხმარნენ. 

აქციის მონაწილეები დაეხმარნენ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლაში

25 ივლისს, დღისით, პოლიციამ მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარავი არ გააშლევინა. სამართალდამცავები ამის მიზეზად დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებდნენ და ამბობდნენ, რომ უნდა აიყაროს ფილები და კარვის გაშლა მიზანშეწონილი არ არის. პოლიცია ვერ აკონკრეტებდა, როდიდან იწყება ტერიტორიის რეაბილიტაცია.

თუმცა მცირე ხნის შემდეგ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ, განაცხადა, რომ მერია პარლამენტის წინ არანაირ სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ გეგმავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ განმარტავს, კონკრეტულად რის საფუძველზე არ გააშლევინეს კარავი პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილს.

მაჩალიკაშვილი პოლიციის დღევანდელ ქმედებას პროვოკაციად აფასებს.

“დღეს იმას ცდილობდნენ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს რომელიმე პოლიციელზე აეწია ხელი”, – აცხადებს ის. მაჩალიკაშვილის თქმით, სახელმწიფოსთვის მისი მოთხოვნები “მძიმე ტვირთს” წარმოადგენს.

“ეს არის რაღაც კომედია, სასაცილოა. მე, ასეთ გამწარებულ ადამიანს, გულის სიღრმეში მეცინება კიდეც ამ ადამიანებზე, ამ შსს-ზე, ამ სუს-ზე, თუნდაც ამ ხელისუფლებაზე, თუნდაც ამ სისხლისმწოველ ივანიშვილზე. მე ხომ 429-ე დღეა იქ ვდგავარ და ვითხოვ სამართალს და სხვას არაფერს. სამართალს ვითხოვ ჩემთვისაც და მთელი ქვეყნისთვისაც. ვითხოვ, თქვან ის, რაც ჩაიდინეს უდანაშაულო ბავშვის მოკვლით. მაგრამ ამათთვის ეს ძალიან მძიმე ტვირთია. არ იციან, ამ ტვირთს სად გაექცნენ და როგორ გაექცნენ”, – ამბობს ის ჟურნალისტებთან საუბრისას.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, გეგმავს, პროტესტის ნიშნად კარავი ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთანაც განათავსოს.

“მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარავი თვეების განმავლობაში ჰქონდა გაშლილი, თუმცა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მისი თქმით, კარავი პოლიციამ წაიღო და ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. 

შსს ამ დრომდე არ განმარტავს, რომელი სამუშაოების გამო არ გააშლევინეს კარავი მაჩალიკაშვილს

მასალების გადაბეჭდვის წესი