ახალი ამბები

პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ გვაქვს – ვიცემერი

25 ივლისი, 2019 • 1098
პარლამენტის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაგეგმილი არ გვაქვს – ვიცემერი

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, თბილისის მერიას რუსთაველის გამზირზე სამუშაოები დაგეგმილი არ აქვს. ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პოლიციამ მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარავი არ გააშლევინა, მიზეზად კი “სარეაბილიტაციო სამუშაოები” დაუსახელა.

“რუსთაველის გამზირზე მუნიციპალიტეტს სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპზე დაგეგმილი არ აქვს. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით, ეს ჩვენს ქვეყანაში დაცულია და ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. თუ მუნიციპალიტეტი დაგეგმავს სამუშაოებს, რომლებიც კონფლიქტში მოვა იქ მიმდინარე პროცესებთან, ამას მოჰყვება კანონის მხრიდან შესაბამისი ზომების მიღება”, – აცხადებს ხმალაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ უთხრეს სამართალდამცავებმა მაჩალიკაშვილს, რომ კარავს დაგეგმილი სამუშაოების გამო ვერ დადგამდა, ვიცემერმა უპასუხა:

“მე ვფიქრობ, რომ ქალაქის მასშტაბით ყოველთვის გვაქვს ჩვენ მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოები დაზიანებული მონაკვეთებისა. შეიძლება, ასეთი რაღაც იყოს რუსთაველზეც და ეს ჰქონდათ ალბათ სამართალდამცავებს მხედველობაში. მაგრამ სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთაველის გამზირზე ჩვენ დაგეგმილი არ გვაქვს”.

ირაკლი ხმალაძის თქმით, პირადად მას არ ჰქონია კომუნიკაცია შსს-სთან და არ უკითხავს, კონკრეტულად რა იგულისხმა პოლიციამ მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის ზემოაღნიშნული მიზეზის დასახელებისას.

ომბუდსმენი აქციებზე კარვების დაშლის სადავო მუხლს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

მასალების გადაბეჭდვის წესი