ახალი ამბები

შსს ამ დრომდე არ განმარტავს, რომელი სამუშაოების გამო არ გააშლევინეს კარავი მაჩალიკაშვილს

25 ივლისი, 2019 • 677
შსს ამ დრომდე არ განმარტავს, რომელი სამუშაოების გამო არ გააშლევინეს კარავი მაჩალიკაშვილს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ განმარტავს, კონკრეტულად რის საფუძველზე არ გააშლევინეს კარავი პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილს.

“ნეტგაზეთმა” უწყებას რამდენიმე საათის წინ მიმართა და დაინტერესდა, რომელი “სარეაბილიტაციო სამუშაოები” იგულისხმეს პოლიციელებმა კარვის გაშლის ხელშეშლისას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

დღეს, 25 ივლისს, პოლიციამ მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარავი არ გააშლევინა. სამართალდამცავები ამბობდნენ, რომ ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება, უნდა აიყაროს ფილები და კარვის გაშლა მიზანშეწონილი არ არის. პოლიცია ვერ აკონკრეტებდა, როდიდან იწყება ტერიტორიის რეაბილიტაცია.

თუმცა, მცირე ხნის შემდეგ, თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ, განაცხადა, რომ მერია პარლამენტის წინ არანაირ სარეაბილიტაციო სამუშაოებს არ გეგმავს. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ უთხრეს სამართალდამცავებმა მაჩალიკაშვილს, რომ კარავს დაგეგმილი სამუშაოების გამო ვერ დადგამდა, ვიცემერმა უპასუხა:

“მე ვფიქრობ, რომ ქალაქის მასშტაბით ყოველთვის გვაქვს ჩვენ მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოები დაზიანებული მონაკვეთებისა. შეიძლება, ასეთი რაღაც იყოს რუსთაველზეც და ეს ჰქონდათ ალბათ სამართალდამცავებს მხედველობაში. მაგრამ სარეაბილიტაციო სამუშაოები რუსთაველის გამზირზე ჩვენ დაგეგმილი არ გვაქვს”.

მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტთან კარავი თვეების განმავლობაში ჰქონდა გაშლილი, თუმცა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, მისი თქმით, კარავი პოლიციამ წაიღო და ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ. მაჩალიკაშვილი დღეს უფრო პატარა კარვის დადგმას აპირებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი