ახალი ამბები

საგარეო: რადიო თავისუფლებასთან ბერუჩაშვილის ინტერვიუ ჟურნალისტის ინტერპრეტაციაა

30 იანვარი, 2015 •
საგარეო: რადიო თავისუფლებასთან ბერუჩაშვილის ინტერვიუ ჟურნალისტის ინტერპრეტაციაა

“ის ინტერვიუ, რომელიც რადიო თავისუფლებაში დაიბეჭდა, არის ალბათ უფრო ჟურნალისტის სხვანაირი ინტერპრეტირება იმისი, თუ რისი თქმა შეეძლო ქალბატონ თამარს,”– ამბობს დავით კერესელიძე ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

 

რადიო თავისუფლების სტატიის თანახმად, “ბერუჩაშვილის თქმით, საქართველოსა და რუსეთს არაფორმალური დიალოგი ვაჭრობის საკითხში შეჩერებული აქვთ. მან თქვა, რომ არ არის ოპტიმისტურად განწყობილი დიალოგის ახლო მომავალში გაგრძელებასთან დაკავშირებით”

 

საგარეო საქმეთა პრესსპიკერი სტატიას ასე განმარტავს: 

 

“დავიწყოთ ერთი იქიდან, რომ დიალოგი შემოდგომიდან არ შემდგარა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის შეთანხმებები, ან ის სავაჭრო ურთიერთობები, რომელიც ადრე შეთანხმდა, რომ უნდა განვითარდეს და არის ამაში რაღაც პროგრესი. ამის იმპერატიულად, ვინმეს ერთი თქმით, რომ მოდით ეს შევწყვიტოთ, შეუძლებელია და ეს არც ჩვენი კომპეტენციაა და ამას ვერანაირად საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ იტყოდა, რომ ეს არის შეწყვეტილი. შეჩერებულია და ჯერ არ ვიცით, როდის განახლდება ეს დიალოგი,”– თქვა დავით კერესელიძემ.

 

საქართველომ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელად ზურაბ აბაშიძე დაინიშნა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან ზურაბ აბაშიძე ევროპის სხვადასხვა ქალაქში შეხვედრებს მართავდა. მთავრობის განცხადებით, ეს ფორმატი ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი