ახალი ამბები

TBC ბანკი: სამეთვალყურეო საბჭო დარწმუნებულია ხაზარაძის და ჯაფარიძის სიმართლეში

25 ივლისი, 2019 • 1295
TBC ბანკი: სამეთვალყურეო საბჭო დარწმუნებულია ხაზარაძის და ჯაფარიძის სიმართლეში

თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭო და მენეჯმენტი მადლობას უხდის ხაზარაძესა და ჯაფარიძეს იმ მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რომელიც მათ შეიტანეს  ბანკის წარმატებით განვითრებასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთ უდიდეს რესპექტაბელურ კომპანიად ქცევაში.

თიბისი ბანკის ჯგუფი განცხადებაში ადასტურებს, რომ 24 ივლისს, საქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, ჯგუფის
თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ მიიღეს გადაწყვეტილება დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რათა მათ წინაშე წაყენებულმა ბრალდებებმა არ იქონიოს გავლენა ჯგუფის საქმიანობაზე, ხოლო თავად, თავისუფლად შეძლონ დავის გაგრძელება.

თიბისი ბანკის ჯგუფი ასევე აღნიშნავს, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შeეცდებიან კვლავ შეუერთდნენ თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს, მას შემდეგ, რაც ბრალდებები მათ წინააღმდეგ გაქარწყლდება:

“სამეთვალყურეო საბჭო ღრმად არის დარწმუნებული მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სიმართლეში და ელოდება, როდის გაქარწლდება ყველა დავა მათ წინააღმდეგ, მათ შორის, დავა ფულის გათეთრების შესახებ.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სამეთვალყურეო საბჭომ დაუყოვნებლივ დანიშნა თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალუყურეo საბჭოს თავმჯდომარედ უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი ნიკოლოზ ენუქიძე. არჩევანი მასზე გაკეთდა მისი საბანკო საქმეების ღრმა ცოდნიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე”, – ვკითხულობთ TBC ბანკის ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 24 ივლისს თქვა, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ბრალად ედებათ ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღნიშნული საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციას. პარლამენტში გამართული მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ კატეგორიულად უარყვეს მათი მხრიდან რაიმე სახის უკანონო ქმედების ჩადენა. გამოძიება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი