ახალი ამბები

პარასკევს პარლამენტში იგეგმება დვალი-აქიმიძის მოსმენა რ2-ის საკითხზე

24 ივლისი, 2019 • 1098
პარასკევს პარლამენტში იგეგმება დვალი-აქიმიძის მოსმენა რ2-ის საკითხზე

26 ივლისს, 13:00 საათზე, პარლამენტში დაგეგმილია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის საჯარო მოსმენა.

როგორც ნეტგაზეთს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა დაუდასტურა, შეხვედრა საჯარო იქნება, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მივიდეს და კითხვები დაუსვას დვალსა და აქიმიძეს; შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

მოსმენის ინიციატორები არიან დამოუკიდებელი დეპუტატები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ „ქართულ ოცნებასა“ (ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე) და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (კობა ნარჩემაშვილი) გამოეყვნენ.

დეპუტატმა ლევან კობერიძემ 22 ივლისს შესთავაზა დვალსა და აქიმიძეს პარლამენტში ღია ფორმატში შეხვედრა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით. „ეს თემა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ კერძო საკუთრების კუთვნილების საკითხს და, იმავდროულად, ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით“, — თქვა კობერიძემ.

აქიმიძემ და დვალმა მოსმენაზე მზაობა გამოთქვეს. დავით დვალმა ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი