ახალი ამბები

კობერიძე დვალს და აქიმიძეს პარლამენტში ღია ფორმატში შეხვედრას სთავაზობს

22 ივლისი, 2019 • 798
კობერიძე დვალს და აქიმიძეს პარლამენტში ღია ფორმატში შეხვედრას სთავაზობს

დეპუტატი ლევან კობერიძე “რუსთავი 2-ის” საქმესთან დაკავშირებით არხის დამფუძნებლებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, პარლამენტში ღია ფორმატში შეხვედრას სთავაზობს:

“რუსთავი 2- ის საკუთრების დავის თემაზე დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს, ჩემს რამდენიმე კოლეგა პარლამენტართან ერთად, ვთავაზობ პარლამენტში ღია ფორმატის შეხვედრის და მსჯელობის გამართვას მედიისა და დაინტერესებული პირების დასწრებით. ეს თემა დიდი ხანია გასცდა მხოლოდ კერძო საკუთრების კუთვნილების საკითხს და, იმავდროულად, ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით”, – ამბობს კობერიძე.

დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციების თემა და აღნიშნული გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო:

“მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ამიტომ ამ ორი ადამიანის (რომლებიც საკუთრების უფლებისათვის ძალიან დიდი ხანია იბრძვიან ) საზოგადოების ინტერესების გამომხატველ სივრცეში – პარლამენტში მოწვევას და მოსმენას აუცილებელად მივიჩნევთ. დაველოდებით მათ მოსაზრებას მსგავსი ტიპის შეხვედრის შესახებ და პირველადი ინტერესის გამოხატვის შემთხვევაში ოფიციალურად გავუგზავნით მოწვევას”, – ამბობს დეპუტატი.

შეთავაზებას მიესალმება ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი. მან “ტელეკომპანია პირველის” ეთერში განაცხადა, რომ დისკუსიაში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი