ახალი ამბები

უსუფაშვილი: დავარწმუნეთ ვერშბოუ, რომ პოლიტიკური ძალები სრულ ჰარმონიაში არიან ნატოში ინტეგრაციის კურსთან დაკავშირებით

29 იანვარი, 2015 •
უსუფაშვილი: დავარწმუნეთ ვერშბოუ, რომ პოლიტიკური ძალები სრულ ჰარმონიაში არიან ნატოში ინტეგრაციის კურსთან დაკავშირებით

 

“მნიშვნელოვანი სტუმარია საქართველოში ბატონი ვერბშოუ, რომელიც ნატოს ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობის პირია. ჩვენი საუბარი, პირველ რიგში, შეეხებოდა საქართველოს უსაფრთხოებას. უელსის სამიტზე მიღწეული გადაწყვეტილებები აღსრულების პროცესშია. საქართველო და ნატო ამ ახალ ეპოქაში გაცილებით ინტენსიურად თანამშრომლობენ. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები ამ პაკეტის ფარგლებში და სასიამოვნოა, რომ დღეს მოვისმინეთ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის მხრიდან სრული მზადყოფნა, რომ წევრმა ქვეყნებმა უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები. ცხადია, ჩვენ შევეხეთ რეგიონში არსებულ მდგომარეობას იმიტომ, რომ საქართველო-ნატოს ინტეგრაცია ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საქმე. ჩვენ გვჭირდება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რადგან საფრთხე ჩვენს რეგიონში გაიზარდა და არ შემცირებულა”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ვერშბოუსთან შეხვედრის შემდეგ.


უსუფაშვილის თქმით, ნატოს წარმომადგენლის მხრიდან მათ მოისმინეს შეფასება უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზეც.


“მათ მიიღეს ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურება, რომ საქართველო არის უკრაინელი ხალხისა და თავისუფალი უკრაინის გვერდით”.


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მათ დაარწმუნეს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, რომ ალიანსში ინტეგრაციის კურსთან დაკავშირებით “საქართველოს პოლიტიკური ძალები სრულ ჰარმონიაში არიან”.


”შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წარმოდგენილი პარტიების წარმომადგენლები. ჩვენ ყველამ ერთად დავარწმუნეთ სტუმარი, რომ ამ საკითხში პოლიტიკური ძალები სრულ ჰარმონიაში არიან და ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კურსს ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ყველასთვის, მათ შორის მათთვის, ვისაც სურს იხილოს საქართველო, რომელიც ადვილად გახდება მათი ლუკმა”,  – განაცხადა უსუფაშვილმა.


ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ საქართველოს დღეს ეწვია. ვიზიტის მთავარი მიზანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების დეტალების განხილვა. ალექსანდრე ვერშბოუ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, მთავრობის წევრებთან. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე საქართველოს კათoლიკოს-პატრიარქს ილია II-ს შეხვდება.

 

ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ვაზიანის IV მექანიზირებულ ბრიგადას მოინახულებს. ასევე, წაიკითხავს საჯარო ლექციას საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

ალექსანდრე ვერშბოუ
ალექსანდრე ვერშბოუ

მასალების გადაბეჭდვის წესი