ახალი ამბები

ორთაჭალაში მუშების დაღუპვის საქმეზე 4 თვის შემდეგაც არავინ დაუკავებიათ

19 ივლისი, 2019 • 2458
ორთაჭალაში მუშების დაღუპვის საქმეზე 4 თვის შემდეგაც არავინ დაუკავებიათ

ოთხი თვეა, რაც მშენებლობაზე სამი ადამიანის დაღუპვის საქმეზე არავინ დაუკავებიათ, არც არავისთვის წარუდგენიათ ბრალი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, გამოძიება ისევ მიმდინარეობს, ამჟამად ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

16 მარტს ორთაჭალაში, ბეჟან კალანდაძის (ყოფილი ნარიმანოვის) #12-ში კორპუსის მშენებლობიდან სამი ადამიანი ჩამოვარდა. ისინი დაახლოებით მე-11 სართულთან, ე.წ სამშენებლო კალათზე (ე.წ „ლულკათი“) იდგნენ, როდესაც ბაგირი, რომლითაც კალათა კორპუსზე იყო ჩამოკიდებული, ჩამოწყდა, კალათა ჩამოვარდა და სამივე მათგანი ჩაიყოლა. შალვა ფუტკარაძე ადგილზე დაიღუპა, ნოდარ ჩაკვეტაძე- რამდენიმე საათში, ვეფხია ხუჭუა კი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მშენებელი კომპანია „ემ ჯი ალიანსის“ დირექტორი ზაზა იჩქიტიძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ დაღუპულთაგან მხოლოდ ორი იყო მისი დასაქმებული და მათ მესამე ადამიანი, ნოდარ ჩაკვეტაძე, დანარჩენმა ორმა „შემოაპარა“. ეს საკითხი გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ერთ-ერთი დაღუპულის, ვეფხია ხუჭუას მეუღლე ნინო მჭედლიძე ეცდება, ქმრის დაღუპვის გამო კომპენსაცია სასამართლოს გზით მიიღოს დამსაქმებელი კომპანიისგან. დამსაქმებელი კი აცხადებს, რომ ოჯახს 10 000 ლარი გამოუყო დაკრძალვის ხარჯებისთვის, რითაც „კეთილი ნება“ გამოიჩინა და „არანაირი ვალდებულება არ აკისრია“; არადა, როგორც ადვოკატი ამბობს, შესაძლოა, ოჯახმა ამ თანხაზე გაცილებით მეტი მოიპოვოს სასამართლოს ძალით. ვეფხია ხუჭუას ოჯახს ცოტა ხნის წინ მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი.

მშენებელი კომპანია „ემ ჯი ალიანსი“ მერიამ და შრომის ინსპექციამ ამ ეტაპზე, ჯამში, 55 ათასი ლარით დააჯარიმეს. კომპანია ამ თანხის ანაზღაურებას ქვეკონტრაქტორისგან მოითხოვს, რომელიც ობიექტზე შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობისთვის ჰყავდა დაქირავებული.

საცხოვრებელი კორპუსების კომპლექსი „მონოლით სითი“, რომლის მშენებლობაზეც სამი ადამიანი დაიღუპა, ორთაჭალაში უკვე მესამე წელია შენდება. მშენებლობის დამკვეთი 2013 წელს დაფუძნებული კომპანია (შპს) „მონოლით ჯგუფია“, უშუალოდ მშენებელი კომპანია კი — „ემ ჯი ალიანსი“ („ემ ჯი ალიანსის“ 75%-იანი წილის მფლობელიც „მონოლით ჯგუფია“, რომლის გაურემონტებელი ბინების [თეთრი კარკასის] ფასი, კორპუსების და სართულების მიხედვით, 82 ათასიდან 243 ათას ლარამდე მერყეობს).

გაიგეთ მეტი ამ საქმის შესახებ:

„კანტეფიც რომ მოგცეთ, ჩემი კეთილი ნება იქნებაო“ – რას ყვება დაღუპული მუშის ცოლი კომპანიაზე

მუშები ისევ იღუპებიან – რატომ ვერ მუშაობს სისტემა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი