ახალი ამბები

იური ვაზაგაშვილს სოფელ ყარაფილაში დღეს დაკრძალავენ

25 იანვარი, 2015 • • 2319
იური ვაზაგაშვილს სოფელ ყარაფილაში დღეს დაკრძალავენ

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, დაკრძალვას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. იური ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფილაში, საკუთარ სახლში გუშინ სამების ეკლესიიდან გადაასვენეს. პროცესია იუსტიციის სახლთან “რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალთან” შეჩერდა.

 

იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს სოფელ ყარაფილაში შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე ნაღმის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. დამოუკიდებელი ექსპერტის, ზაზა ალთუნაშვილის განცხადებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის აფეთქების შედეგადაც იური ვაზაგაშვილი დაიღუპა ქარხნული წარმოებისაა.

 

ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით [რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში] დაიწყო. ვაზაგაშვილის ნათესავები და თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ მისი მკვლელობა ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებას უკავშირდება, რომელიც 2006 წლის 6 მაისს მოკლეს.

 

ვაზაგაშვილის საქმის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნები გადადგნენ.

 

2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.

 

მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.

 

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა  იური ვაზაგაშვილი, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.

იური ვაზაგაშვილი/რადიო თავისუფლების ფოტო
იური ვაზაგაშვილი/რადიო თავისუფლების ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი