ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების ეზოში ჟურნალისტებთან გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილი სამებაში იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ზურა ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება თითქმის ბოლომდეა მიყვანილი და სიმართლის გარკვევას წინ ვერავინ ვერ აღუდგება:
“მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას პრაქტიკულად ბოლომდე ჰქონდა მიყვანილი ის გამოძიება, რომელიც ეხებოდა ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობას. მაგრამ მინდა მივმართო ყველას, საზოგადოებას, რომ ეს საქმე გაიხსნება ძალიან მალე. ვგულისხმობ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს. ის პრაქტიკულად ბოლომდე იყო მიყვანილი და ამას ვერავინ და ვერაფერი წინ ვერ აღუდგება და ვერ შეაჩერებს. სიმართლე გაირკვევა”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
24 თებერვალს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან კავშირში მყოფმა პროკურორებმა თანამდებობები დატოვეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 23 იანვარს მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო დროს გახმიანებულმა ბრალდებებმა განაპირობა, რომლის თანახმადაც ჭიკაიძე აფარებს ხელს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.