ივანიშვილმა სამების ეზოში იური ვაზაგაშვლის სამოქალაქო პანაშვიდიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალექსანდრე ჭიკაიძემ ღირსეული ნაბიჯი გადადგა:
„ალექსანდრე ჭიკაიძემ ღირსეული ნაბიჯი გააკეთა, საერთოდ ეს ხელისუფლების ხელწერა კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა და დამტკიცდა, რომ საზოგადოებას ანგარიშს უწევენ. მე არ ვფიქრობ, რომ ამის იქით ვინმემ პროკურატურის მტკიცებულებების გარეშე პასუხი უნდა აგოს. ეს მორალური პასუხისმგებლობა, სწორი ნაბიჯი გაკეთდა მთავრობის მხრიდან პიროვნებისგან, შინაგან საქმეთა მინისტრისგან. დანარჩენი პროცესებს მივსდიოთ და თუ ხელისუფლება ვერ შეძლებს და ვინმეზე დამატებითი ეჭვი გაჩნდება, საზოგადოება არავის არაფერს არ აპატიებს. ეს ყველამ უნდა იცოდეს, მე მგონი, რომ მთავრობის ყველა წარმომადგენელი ამას შეგუებულია. ამ ეტაპზე, მე ვფიქრობ, რომ დაველოდოთ გამოძიებას, დაველოდოთ როგორ განვითარდება მომენტები და, რა თქმა უნდა, საზოგადოება შესატყვის რეაქციას გააკეთებს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 23 იანვარს მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო დროს გახმიანებულმა ბრალდებებმა განაპირობა, რომლის თანახმადაც ჭიკაიძე აფარებს ხელს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.