ახალი ამბები

გომელაური: მაღალჩინოსნები ვაზაგაშვილის საქმის გამო გადადგნენ

24 იანვარი, 2015 • • 1219
გომელაური: მაღალჩინოსნები ვაზაგაშვილის საქმის გამო გადადგნენ

“ვაზაგაშვილის სპეცოპერაციაში ძალიან ბევრი ხალხი მონაწილეობდა. შეიძლება 50-100 კაცი, მაგრამ ყველას ვერ გავუშვებთ მომენტალურად სამსახურიდან. ყველას ბრალი ხომ არ იყო. იქ იყო რამდენიმე კაცის ბრალი. პრობლემა რომ არ შექმნოდა გამოძიებას და არ შეშლოდა ხელი, რამდენიმე მაღალჩინოსანმა დატოვა თანამდებობა.  დამთავრდება გამოძიება, გამოიკვეთება ბრალეულობა და არ არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანები, თუ არაფერ შუაში არ არიან, ისევ აღდგნენ სამსახურებში” -ეს კომენტარი ვახტანგ გომელაურმა დღეს სამების ეზოს ტაძარში იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.  


შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 23 იანვარს მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება  ბოლო დროს გახმიანებულმა ბრალდებებმა განაპირობა, რომლის თანახმადაც ჭიკაიძე აფარებს ხელს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს.


23 იანვარს თბილისის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ოთარ მირზოევი საკუთარი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. შს სამინისტროში გადადგომის მიზეზს არ ასახელებენ.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით [რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში] დაიწყო.

2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.


მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა  იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა.

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი