ახალი ამბები

კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ოთარ მირზოევმა თანამდებობა დატოვა

23 იანვარი, 2015 • • 2806
კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ოთარ მირზოევმა თანამდებობა დატოვა

აღნიშნული ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა, რა მიზეზით დატოვა ოთარ მირზოევმა თანამდებობა, სამინისტროში არ აკონკრეტებენ. 

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს, 23 იანვარს მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება  ბოლო დროს გახმიანებულმა ბრალდებებმა განაპირობა, რომლის თანახმადაც ჭიკაიძე აფარებს ხელს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს.

 

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით [რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში] დაიწყო.

 

2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.

 

მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.

 

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა  იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა. იური ვაზაგაშვილმა ბოლო პრესკონფერენცია 15 იანვარს “რეპორტიორის” პრესკლუბში გამართა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სწორედ ამპრესკონფერენციიდან მიმართა და განაცხადა, რომ შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მფარველობდა მისი შვილის მკვლელებს:

 

“დღეს უშუალოდ მე მივმართავ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით ყველამ, ჭიკაიძე რომ მფარველობს ამ მკვლელებს და სავსეა შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ ზონდერებითა და დამნაშავეებით, ვინც ეს საშინელება ჩაიდინა. ამათი 80% თანამდებობებზეა. […] სხვათა შორის, ეს დამნაშავეები ახლა არ მოსულან, ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მაშინაც მუშაობდნენ”,- განაცხადა მან.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი