ახალი ამბები

“ოცნება“ მოგებულ პროცესზე საუბრობს, ოპოზიციის თქმით კი, რ2-ზე დავა ჯერ არ დასრულებულა

18 ივლისი, 2019 • 1005
“ოცნება“ მოგებულ პროცესზე საუბრობს, ოპოზიციის თქმით კი, რ2-ზე დავა ჯერ არ დასრულებულა

სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ს საქმეზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ეხმაურებიან. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომლითაც საქმეში დარღვევა საერთოდ არ დაადგინა, ქართული სასამართლოს გამარჯვებაა.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ სანამ ყველა იურიდიული პროცედურა, მათ შორის, გასაჩივრება, არ დასრულდება, დავა რუსთავი 2-ზე დამთავრებულად ვერ ჩაითვლება.

რუსთავი 2-ის საქმით ქართული სასამართლოს მიერ ტესტის ჩაბარებაზე საუბრობს “ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე. ჟურნალისტებთან ის ამბობს, რომ სტრასბურგის მოსამართლეთა კოლეგიამ ეს გადაწყვეტილება თითქმის ერთხმად მიიღო.

“დღეს ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ჩააბარა საერთაშორისო, ძალიან კრიტიკული ტესტი. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება “რუსთავი 2”-ის და მის ამჟამინდელ მფლობელებს, ძმებ ყარამანაშვილებს, არ დარღვევიათ და ქართულ სასამართლოში ასეთი უფლების დარღვევის ნიშნები არ ყოფილა.

შეჩერების მექანიზმი, რაც აღსრულებას შეეხებოდა, მოხსნილი და გაუქმებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს გადაწყვეტილება, პრაქტიკულად, სასამართლოს სრულმა შემადგენლობამ მიიღო. რამდენიმე შემთხვევაშია ერთი მოსამართლის განსხვავებული მოსაზრება, სხვა შემთხვევებში აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება ამ გადაწყვეტილების პათოსსა და შინაარსს”, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

რაც შეეხება ოპოზიციას, “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის თქმით, სახელმწიფოს დღევანდელი პოზიცია “აღიარებითი ჩვენებაა“:

ჩვენ ახლა ვართ ძალიან სენსიტიურ გარემოში, გველოდება არჩევნები და ყველანაირი მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, იმიტომ, რომ რეალურად მხარე იყო ხელისუფლება და ეს აღიარეს კიდეც უმრავლესობის ლიდერებმა, როდესაც თქვეს, რომ სახელმწიფომ გაიმარჯვა. ეს იყო თვითაღიარებითი ჩვენება, რომ არანაირი კერძო დავა ეს არ იყო. დღევანდელი ხელისუფლება პირდაპირ ებრძოდა რუსთავი 2-ს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე საუბრობს “თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძეც. ის ამბობს, რომ ხელისუფლებამ თავად დააწესა სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, ის დიდი პალატაში გასაჩივრების შედეგს უნდა დაელოდოს.

“აქ ჩნდება საშუალება და არსებობს საშულება, რომელსაც “რუსთავი 2“ აუცილებლად გამოიყენებს და გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას დიდ პალატაში. თვითონ ხელისუფლებამ დააწესა ის სტანდარტი ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომ სანამ დიდი პალატა არ მიიღებს გადაწყვეტილებას, როდესაც მან თვითონ გაასაჩივრა, მანამდე აღსრულების მექანიზმი არ შევიდა ძალაში“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

“რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მოვლენებს დააჩქარებს, ეს მისთვისვე იქნება საზიანო.

“ხელისუფლება აუცილებლად უნდა დაელოდოს გასაჩივრების ვადას, სანამ პროცედურები სრულად არ მორჩება იმიტომ, რომ საკითხი არც იურიდიულადაა სრულად ამოწურული.

თუ ხელისუფლება იჩქარებს და შეეცდება, რომ აქ მიანგრ-მოანგრიოს ყველაფერი, მოიყვანოს, თავის ხალხი დასვას… რუსთავი 2 ხომ არ არის მხოლოდ რაღაც ლოგო, ეს არის ჟურნალისტები, რომლებიც აქ მუშაობენ, გადაცემები, რომელიც აქ გადის. ამის გამო ჰყავს მას მაყურებელი..

თუ ხელისუფლება ამას მაინც იზამს, ეს მისთვისვე იქნება წამგებიანი იმიტომ, რომ იგივე ევროპისთვის ან სტრასბურგის სასამართლოსთვის, ეს ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ აქ ნამდვილად არის პოლიტიკური ინტერესი. და იგივე დიდი პალატა, რომელიც განიხილავს შემდეგ ამას, ესეც იქნება მიღებული მხედველობაში “, – განმარტავს რ2-თან დავით ზურაბიშვილი.


18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი