ახალი ამბები

მოსამართლეების ირიბი მუქარა ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძისადმი

16 ივლისი, 2019 • 1585
მოსამართლეების ირიბი მუქარა ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძისადმი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი საბჭოს არამოსამართლე წევრების – ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიერ უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებაზე საუბრობს და სვამს კითხვას, ხომ არ დადგა დრო, პრეზიდენტს და პარლამენტს მათი გაწვევის წარდგინებით მიმართონ.

მწვავე კამათი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მოსამართლე ილონა თოდუას საკითხის განხილვას მოჰყვა.

ჯანეზაშვილის თქმით, 2014 წლის 12 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მაშინდელმა მოსამართლე წევრმა ილონა თოდუამ მის საკუთრებაში არსებული ბინა დედას აჩუქა, 5 დღეში კი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართა და იმავე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება თოდუასთვის საცხოვრებელი ბინის ქირისთვის ყოველთვიური თანხის გამოყოფის შესახებ.

ილონა თოდუამ დღევანდელ სხდომაზე განმარტა, რომ აღნიშნული ბინა ფაქტობრივად მის მშობლებს ეკუთვნოდა და მას შემდეგ, რაც თვითონ საკუთარი ოჯახი შექმნა, ის მშობლებს გადაუფორმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ჯანეზაშვილის მიერ ილონა თოდუასთვის კითხვების დასმის ფორმა და ეს დაკითხვას შეადარა. სხდომა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის კამათის ფონზე გაგრძელდა, დიმიტრი გვრიტიშვილმა კი ჯანეზაშვილი-დოლიძის მიერ უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებაზე ისაუბრა.

“როდესაც საუბრობენ საბჭოს წევრების – შოთა ქადაგიძის, ზაზა ხარებავას და ლევან გზირიშვილის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებაზე, ჩემი აზრით, იქვე საუბარი უნდა წარიმართოს, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი საკუთარი სამსახურებრივ მოვალეობას ჯეროვნად ასრულებენ თუ არა. ხომ არ აზიანებენ თავიანთი ქმედებებით, სოციალური აქტივობებით და თავიანთი განცხადებებებით იუსტიციის საბჭოს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, სასამართლო ხელისუფლების და ცალკეული მოსამართლეების იმიჯს?”,- იკითხა გვრიტიშვილმა.

მან საბჭოს წევრებს მიუთითა “საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის” 47-ე და 48-ე მუხლებზე, რომლებშიც განსაზღვრულია იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები.

“ჩვენი რეაგირების თემა ეს არ არის. შესაძლო დარღვევებზე მათთან მიმართებაში უნდა იმსჯელოს პარლამენტმა და პრეზიდენტმა. მე არაერთხელ მითქვამს საბჭოს წინაშე და საჯარო გამოსვლებში – ხომ არ უნდა დადგეს დღის წესრიგში საკითხი, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გააკეთოს შესაბამისი წარდგინება პარლამენტისა და პრეზიდენტის წინაშე? ამ ადამიანებმა, ბოლოს და ბოლოს, თავიანთი ქმედებებისა და განცხადებებისთვის სოციალური აქტივობისთვის პასუხი აგონ… არსებობს ნორმები და თუ არ იცავენ, მაშინ უნდა აგონ პასუხი”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი ბონდარენკომ კი მიანიშნა ჯანეზაშვილისა და დოლიძის შესაძლო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. ბონდარენკოს აზრით, ილონა თოდუასთან დაკავშირებით ჯანეზაშვილი და დოლიძე გასცდნენ საკუთარ უფლებამოსილებას, დაკითხვა მოუწყვეს მას და, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა მოსამართლეზე ზეწოლის მცდელობას.

“ისინი გასცდნენ თავიანთ სამსახურეობრივ უფლებამოსილებებს და შეიჭრნენ იმ სივრცეში, სადაც სამსახურეობრივად ამის უფლებამოსილება არ გააგაჩნიათ. ქალბატონმა ჯანეზაშვილმა და ანამ დღეს დაარღვიეს კანონი. მე ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ, შესაძლებელია თქვენი ქმედება შეიცავდეს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს. მე ვნერვიულობ იმაზე, რომ შესაძლებელია გვქონდეს ისეთ ადამიანებთან საქმე, ვინც შესაძლებელია, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩამდენი პირები იყვნენ”,- განაცხადა ბონდარენკომ.

ნაზი ჯანეზაშვილი დაინტერესდა, კონკრეტულად რომელ საქმეზე განახორციელეს მოსამართლეზე ზეწოლა, თუმცა ბონდარენკომ ამ კითხვას არ უპასუხა.

“სხდომა წარიმართა ჩვეულად, როგორც ის მიმდინარეობს ხოლმე, როცა ჩვენ ვსვამთ კითხვებს, რომელიც კლანისთვის არის მგრძნობიარე. თუ საუბარია ნეპოტიზმზე, ინტერესთა კონფლიქტზე, მაზლებზე, სიძეებზე, შესაძლო კორუფციაზე, პოლიტიკურ დაკვეთებზე, ჩვენ არ გვეძლევა საქმიანი დისკუსიის საშუალება, კლანი გადმოდის სისხლისსამართლებრივი დევნის მუქარაზე. ამ პირობებში როგორ იქნება შესაძლებელი, რომ საქმიანად წარიმართოს მოსამართლეთა შერჩევა, ეჭვი მეპარება. თუ ასე გავაგრძლეებთ კრიტიკული კითხვების დასმას, ჩვენ არ მოგვეცემა მუშაობის საშუალება და ეს, პირველ რიგში, დაარტყამს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი