ახალი ამბები

დარბევისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მხოლოდ ერთი პოლიციელია დაკავებული

15 ივლისი, 2019 • 1098
დარბევისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მხოლოდ ერთი პოლიციელია დაკავებული

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის 20-21 ივნისს, აქციის დარბევისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით მხოლოდ ერთი პოლიციელია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

დღეს, 15 ივლისს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ პოლიციელმა ფიზიკურად იძალადა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირზე. უწყებისვე ინფორმაციით, ისინი სასამართლოს მიმართავენ პოლიციელისთვის აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით. უწყებისვე ინფორმაციით, გრძელდება გამოძიება უფლებამოსილების გადამეტების სხვა ფაქტების გამოსავლენად.

20-21 ივნისის დარბევისას პარლამენტთან 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ორმა მოქალაქემ დაკარგა თვალი. თვითმხილველები ყვებიან, რომ პოლიციელთა ნაწილი მომიტინგეებს დამიზნებით ესროდა რეზინის ტყვიებს, რაც გახდა მძიმე დაზიანებების გამომწვევი მიზეზი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი