ახალი ამბები

FaceApp – რუსული აპლიკაცია უსაფრთხოების ბუნდოვანი გარანტიებით

15 ივლისი, 2019 • 2343
FaceApp – რუსული აპლიკაცია უსაფრთხოების ბუნდოვანი გარანტიებით

ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში პოპულარულია აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს “ასაკს უმატებს” და საშუალებას აძლევს, ნახოს, როგორი იქნება ათწლეულების შემდეგ. FaceApp, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ისე iOS-ის მოწყობილობებზე, სწრაფად აიტაცეს. თუმცა ნათელი არ არის, რამდენად დაცული იქნება და სად მოხვდება ინფორმაცია ჩვენ შესახებ, რომელზე წვდომასაც ჩვენ აპლიკაციას მისი გამოყენებისას ვაძლევთ.

FaceApp  რუსეთშია რეგისტრირებული. ის ქალაქ პეტერბურგში შეიქმნა, დამფუძნებელი კი იაროსლავ გონჩაროვია, რომელიც მანამდე Yandex-ის მობილური პლატფორმის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. აპლიკაციის შემქმნელების თქმით, FaceApp ხელოვნურ ინტელექტს იყენებს ადამიანების სახეების სკანირებისათვის და მათი გაახალგაზრდავების, დაბერებისა თუ გენდერის შეცვლისათვის.

Newsweek-ის ცნობით, აპლიკაცია თავდაპირველად 2017 წელს გახდა პოპულარული, თუმცა შემდგომ მისი მონაცემები დაიხვეწა, უფრო რეალისტური და სრულყოფილი გახდა. ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა კითხვები მისი კონფიდენციალურობის პოლიტიკის ეფექტურობაზე. სპეციალისტები ჯერ კიდევ მაშინ ამბობდნენ, რომ ბუნდოვანია, სად მიდის ინფორმაცია, რომელსაც სერვისის მიღების სანაცვლოდ ვაწვდით მას.

“ეს კონფიდენციალობის საკმაოდ სტანდარტული პოლიტიკაა, რომელიც, ფაქტობრივად, არანაირ თავდაცვას გთავაზობთ”, – უცხადებდა ტექნოლოგიების კომენტატორი Stilgherrian ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციას 2017 წლის ინტერვიუში.

“სტარტაპების სივრცის მთელი ბიზნესმოდელი იღებს პერსონალური ინფორმაციის უზარმაზარ რაოდენობას, იმის ახსნის  გარეშე, თუ როგორ იქნება ის გამოყენებული მომავალში”, – ამატებს ის.

აპლიკაციის კონფიდენციალობის პოლიტიკის ნაწილში აღნიშნულია, რომ FaceApp-მა, შესაძლოა, გადასცეს მომხმარებლის მიერ გაზიარებული ინფორმაცია მესამე პირებს, რომლებიც აპლიკაციას სერვისის უზრუნველყოფაში დაეხმარებიან. იურისტი, რომელსაც ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაცია ესაუბრა, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ აპლიკაციის გუნდი არაფერს ამბობს, რა მოუვა მომხმარებლის ინფორმაციას მაშინ, თუ ის სერვისით სარგებლობას შეწყვეტს.

ექსპერტები ციფრულ ეპოქაში სახის ამოცნობის მნიშვნელობაზე მიანიშნებენ და აცხადებენ, რომ თავიანთი ვიზუალი ადამიანებმა ისევე უნდა დაიცვან, როგორც სხვა პირად მონაცემებს იცავენ. შესაბამისად, ისინი მომხმარებლებს ამ კუთხით განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

FaceApp-ის მიმართ წარსულში რასიზმის ბრალდებებიც ისმოდა. აპლიკაციის ის სერვისი, რომელიც ადამიანს უფრო “მომხიბვლელს” ხდიდა, ფერადკანიანი ადამიანების კანს ათეთრებდა. ამის შესახებ მისმა დამფუძნებელმა გონჩაროვმა Techchurch-თან საუბრისას მოიბოდიშა და პრობლემის აღმოფხვრის პირობა დადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი