ახალი ამბები

Faceapp: კითხვები უსაფრთხოებაზე და კომპანიის პასუხი

19 ივლისი, 2019 • 1025
Faceapp: კითხვები უსაფრთხოებაზე და კომპანიის პასუხი

რუსული აპლიკაცია Faceapp, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მეტად პოპულარული გახდა, მომხმარებელთა ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე განმარტებას ავრცელებს. აპლიკაციის გუნდი ირწმუნება, რომ მიუხედავად მისი წარმომავლობისა, მომხმარებელთა ინფორმაცია რუსეთში არ იგზავნება.

კომპანია ადამიანებს არწმუნებს, რომ თავიანთ სერვერზე მხოლოდ იმ ფოტოს ინახავენ, რომელსაც მომხმარებელი სერვისით სარგებლობისას ტვირთავს და უარყოფენ ცნობას, რომლის თანახმადაც, აპლიკაციას ტელეფონში არსებულ სხვა ფოტომასალაზეც აქვს წვდომა. Faceapp-ის თქმით, სერვერიდან ფოტო 48 საათში იშლება, მანამდე კი იმიტომ ინახება, რომ ყოველ ახალი ოპერაციის შესრულებისას მომხმარებელს მისი ხელახლა ატვირთვა არ მოუწიოს.

“ჩვენ ვთანხმდებით მომხმარებელთა მოთხოვნებს მთელი მათი ინფორმაციის სერვერიდან წაშლის შესახებ. ჩვენი გუნდი მეტად გადატვირთულია, თუმცა აღნიშნული მოთხოვნები ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენს”, – წერს Faceapp.

აპლიკაციის შემქმნელთა თანახმად, მომხმარებელთა 99% აპლიკაციით სარგებლობისას log in ფუნქციით არ სარგებლობს და პირდაპირ იყენებს მას.

“შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს წვდომა რაიმე ინფორმაციაზე, რომელიც ადამიანის იდენტიფიცირებას ახდენს”, – წერია განცხადებაში.

Faceapp ასევე განმარტავს, რომ არ ყიდის ან უზიარებს მომხმარებლის ინფორმაციას მესამე კომპანიებს. თუმცა, ამის პარალელურად, აპლიკაციის კონფიდენციალობის პოლიტიკის ნაწილში აღნიშნულია, რომ FaceApp-მა, შესაძლოა, გადასცეს მომხმარებლის მიერ გაზიარებული ინფორმაცია მესამე პირებს, რომლებიც აპლიკაციას სერვისის უზრუნველყოფაში დაეხმარებიან.

აპლიკაცია, რომელიც მსურველებს “ასაკს უმატებს” და საშუალებას აძლევს, ნახოს საკუთარი თავის “დაბერებული ვერსია”, პოპულარული ბოლო დღეებში გახდა. არაერთ გავლენიანი გამოცემა სვამს კითხვებს მისი კონფიდენციალურობის პოლიტიკის ეფექტიანობის შესახებ: კერძოდ, ბუნდოვანია, რამდენად დაცული იქნება და სად მოხვდება ინფორმაცია ჩვენ შესახებ, რომელზე წვდომასაც აპლიკაციას მისი გამოყენებისას ვაძლევთ.

ზემოაღნიშნული კითხვები სოციალურ ქსელს გასცდა: აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მმართველმა ორგანომ – დემოკრატიულმა ნაციონალურმა კომიტეტმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მონაწილეები გააფრთხილა,  აპლიკაცია არ გამოიყენონ.

“ეს აპლიკაცია მომხმარებლებს ფოტოებზე სხვადასხვაგვარი ტრანსფორმაციის საშუალებას აძლევს, მაგალითად, ასაკის მომატების. სამწუხაროდ, ეს სიახლე ურისკო არ არის: Faceapp რუსების მიერ არის შექმნილი”, – ციტირებს CNN კომიტეტს.

სოციალურ მედიაში ექსპერტების მოსაზრებები არაერთგვაროვანია: ნაწილი ხაზს უსვამს რისკებს, რომლებიც მსგავს აპლიკაციებს სდევს თან, ნაწილი კი მომხმარებელთა სიფრთხილეს მიესალმება, თუმცა, რიგ შემთხვევაში, გადაჭარბებულად მიაჩნია ის.

“ეს კონფიდენციალობის საკმაოდ სტანდარტული პოლიტიკაა, რომელიც, ფაქტობრივად, არანაირ თავდაცვას გთავაზობთ”, – უცხადებდა ტექნოლოგიების კომენტატორი Stilgherrian ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციას 2017 წელს, Faceapp-ის კიდევ ერთი “ბუმის” დროს.

“გუგლის” პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი რობერტ როდრიგესი კი “ტვიტერზე” წერს, რომ აპლიკაციას საგანგაშო რისკები ვერ უპოვა.

“არ მესმის, საიდან მოდის ეს “შიშები”, გარდა იმისა, რომ კომპანია რუსეთშია დაფუძნებული. შესაძლოა, მე არ მაქვს FBI-სა და FTC-ს მსგავსი რესურსები, მაგრამ, ჯამში, ვერ ვიპოვე რაიმე საგანგაშო ან რაიმე ისეთი, რაც კომპანიის მიერ სახიფათო ფუნქციის დამალვას გამოავლენდა”, – წერს ის “ტვიტერზე”.

FaceApp – რუსული აპლიკაცია უსაფრთხოების ბუნდოვანი გარანტიებით

მასალების გადაბეჭდვის წესი