ახალი ამბები

ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფისთვის “პატრიოტთა ალიანსის” წევრი პარტიიდან გარიცხეს

15 ივლისი, 2019 • 1546
ინგა გრიგოლიას შეურაცხყოფისთვის “პატრიოტთა ალიანსის” წევრი პარტიიდან გარიცხეს

ხაშურის საკრებულოს დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსიდან”, ალექსანდრე სიმონიშვილი, რომელმაც “ფეისბუქზე” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასადმი შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა, პარტიიდან გარიცხეს. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, დაუდასტურა.

აღნიშნულის შესახებ ცნობა თავდაპირველად გაავრცელა თავად ინგა გრიგოლიამ და მადლობა გადაუხადა ინაშვილს სიმონიშვილის შეურაცხმყოფელ კომენტარზე რეაგირებისათვის.

“დაატოვებინეს “პატრიოტთა ალიანსის” რიგები ამ კაცს მას მერე, რაც შეურაცხმყოფელი სტატუსი დაწერა ჩემზე. ირმა ინაშვილი -ასე საჯაროდ გიხდი მადლობას დროული და ადეკვატური რეაგირებისთვისს. ძალიან მახარებს თქვენი ასეთი სწრაფი რეაქცია”, – წერს გრიგოლია.

ალექსანდრე სიმონიშვილმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ძუ*ნა უწოდა TV4-ის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის ქვეშ, რომლითაც ტელეკომპანია აუდიტორიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, ლევან ონიანის, ბოდიშის შესახებ აუწყებდა. მანამდე, ონიანმა სექსისტური კომენტარი დაწერა ინგა გრიგოლიასა და გიორგი გახარიას ინტერვიუს ქვეშ, თუმცა თქვა, რომ სხვა ინგას გულისხმობდა.

ფოტო გარეკანზე: ალექსანდრე სიმონიშვილის ფეისბუქიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი